ბოლონია დაწინაურდა | გოგლიჩიძისთვის ბრძოლა გრძელდება
„ემპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძის მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველისთვის ბრძოლაში „ბოლონია“ ჩაერთო და როგორც ირკვევა, „როსობლუს“ ინტერესი სერიოზულია.
Calcioempoli წერს, რომ „ბოლონიას“ გოგლიჩიძის წარმომადგენლებთან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა და ინფორმაცია მოიძია. კლუბებს შორის დიალოგი ჯერ არ გამართულა, თუმცა ტოსკანური გამოცემა აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში ვითარების შეცვლის ალბათობა მაღალია.
„ბოლონიას“ გარდა, გოგლიჩიძეს „პარმა“ და „სასუოლო“ აკვირდებიან, „უდინეზე“ კი საბასთვის ბრძოლას გამოეთიშა. Calcioempoli-ის მიხედვით, „როსობლუ“ მზადაა, მათ კონკურენცია გაუწიოს და რთული წარმოსადგენია, ქართველი ფეხბურთელი სერია B-ში გავარდნილ გუნდში დარჩეს.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა და იტალიური პრესის მიხედვით, ტოსკანელები სწორედ 7-8 მილიონს ითხოვენ.