კვარაცხელია ტოპ ხუთშია | ოქროს ბურთის რეიტინგი CBS Sports-ისგან
CBS Sports-მა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი გამოცემის ტოპ 10-ში იმყოფება. უფრო მეტიც, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო ხუთეულშია და მეოთხე პოზიციას იკავებს.
„გულის სიღრმეში ვიცით, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის — რომელიც საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა — ოდნავ მაღალი ადგილია. მისი სტატისტიკა ჩვენს რეიტინგში მყოფი სხვა ფეხბურთელების დონის არ ყოფილა, მაგრამ გულს ასე უნდა. თანაც, სეზონის განმავლობაში არავინ ყოფილა ისეთი აღმაფრთოვანებელი, კრეატიული და სასიამოვნო, როგორც ფეხბურთელი, რომლის მეტსახელიც „კვარადონაა“, — წერს CBS Sports.
საინტერესოა, რომ ცნობილი გამოცემა „ოქროს ბურთის“ ფავორიტად მოჰამედ სალაჰს ასახელებს. მეორე ადგილზე რაფინია იმყოფება, ხოლო უსმან დემბელე — რომელიც ბევრის აზრით ნომერ პირველი კანდიდატია — მესამე პოზიციაზეა. დემბელეს შემდეგ „კვარა“ მოდის. ხვიჩას პედრი მოჰყვება, ლამინ იამალი კი მეექვსეა.
შეგახსენებთ, რომ France Football ნომინანტებს 7 აგვისტოს დაასახელებს და 30 ფეხბურთელს გამოარჩევს. დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება და „ოქროს ბურთის“ მფლობელის გარდა, გამოვლინდებიან საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო მწვრთნელი — როგორც ქალთა, ისე კაცთა ფეხბურთელებს შორის.