მარცხი ესტონეთში - იბერია 1999 და დაუწერელი საფეხბურთო კანონი
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია 1999“ ესტონეთში „ლევადიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდმა ძალიან დაბალ ტემპში ითამაშა. ბურთს მასპინძლები ოდნავ უფრო მეტ ხანს აკონტროლებდნენ, თუმცა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომცემი არ ყოფილა. პირიქით - „იბერიას“ ფეხბურთელები მწვავე მომენტებს უფრო მარტივად ქმნიდნენ. გოლის არაერთხელ შეეძლოთ.
ლუკა სილაგაძეს პირველ ტაიმში (მე-19 წუთზე) და იური ტაბატაძეს მეორე ნახევარში (54-ე წუთზე) რეალური საგოლე მომენტები შეექმნათ. ერთი-ერთზე გასულმა ვერც ერთმა მათგანმა ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. ორივე ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში გრძელი მაღალი გადაცემის შედეგად „ლევადიას“ დაცვა ჩავარდა, თუმცა ქართველმა შემტევებმა ესტონელების დასჯა ვერ შეძლეს. 71-ე წუთზე გატანა მართებდა გოშთელიანსაც, რომელმაც ასევე ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან შესრულება ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა საკუთარ კედლებში კარში ზუსტი დარტყმის განხორციელება საწყისი 75 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს. სახიფათო მომენტებს საერთოდ ვერ ქმნიდნენ, თუმცა შეტევაში „იბერიას“ ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები დაბალი კლასის გამოისობით, „ლევადიამ“ შანსი მიიღო. „ვერ გაიტან გაგიტანენო" - ფეხბურთში ასეთი დაუწერელი კანონი არსებობს. მე-80 წუთზე ერნესტ აგირიმ მარჯვენა ფლანგიდან გარღვევა განახორციელა, უხეიროდ ჩააწოდა, თუმცა გიორგი მაკარიძემ საშინლად ითამაშა და პრაქტიკულად ავტოგოლი გაიტანა...
ამის შემდეგ, ბოლო წუთებზე ტრადიციული სურათი ვიხილეთ - ანუ არაფერი შეცვლილა. „ლევადიამ“ მატჩი მშვიდად მოიგო.
განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 29 ივლისს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება (20:00).