18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტი - საქართველომ მალტა დაამარცხა
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მალტის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში – 76:67 დაამარცხა.
ცნობისთვის, წელს 18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტის C დივიზიონი ანდორაში იმართება, სადაც თავი 7-მა ნაკრებმა მოიყარა. A ჯგუფში სომხეთი, ალბანეთი და ანდორა მოხვდნენ, ხოლო B-ში საქართველო, მალტა, გიბრალტარი და კვიპროსი ასპარეზობენ. პლეიოფში თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის.
„საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხა, მანამდე კი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ეს უფრო ბოლო პერიოდზე ითქმის, როცა მალტელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ბოლო წუთებზე ჩვენმა გოგონებმა მეტი სიზუსტე და მონდომება გამოავლინეს, რაც გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებში სალომე სვანი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 9 ჩაჭრა და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა ნიცა საბადაშვილმა. 11 ქულა და 5 მოხსნა ანუკი კომახიძის ანგარიშზეა. ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში 73-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა: კვიპროსმა გიბრალტარი 92:19 გაანადგურა. 23 ივლისს საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება“, - აღნიშნულია კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია