„ვარჯიშზე ტრავმა მიიღო“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და უკვე ორი ამხანაგური შეხვედრაც გამართა. გუშინ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ტრუას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. დავითაშვილს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა, ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურიკო გუნდს მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის დაუბრუნდება.
რას ამბობს ჰორნელანდი:
„მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. დღევანდელ მატჩში კარი მშრალად შევინახეთ და მიხარია, რადგან ეს გვჭირდებოდა. გუნდმა ბოლო სეზონში ბევრი გოლი გაუშვა და მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში მეტად თავდაჯერებულები ვიყოთ. სამომავლოდ, დაცვით ფაზაში ინდივიდუალური თამაში და საჯარიმოში დამოკიდებულება უნდა გაუმჯობესდეს“.
„ზურიკო დავითაშვილი დღეს გუნდთან ერთად იყო. გუშინ, გუნდის ვარჯიშზე მან მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც დღევანდელ თამაშში მისი მდგომარეობით აღარ გავრისკეთ. ვიმედოვნებთ, რომ ორშაბათიდან ან სამშაბათიდან ვარჯიშს დაუბრუნდება. ვფიქრობ, შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება“.
ცნობისთვის, „სენტ-ეტიენმა“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა 5 ივლისს, შვეიცარიული „ეტოილ-კარუჟის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა. ამ მატჩში მონაწილეობა ზურიკო დავითაშვილმაც მიიღო და თავისი გუნდის სასარგებლოდ მეორე გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ივლისს, შვეიცარიული „სერვეტის“ წინააღმდეგ გამართავს. ახალი სეზონის დაწყებამდე „სენტ-ეტიენი“ ამხანაგურ შეხვედრებში 25 ივლისს „პარიზს“, 2 აგვისტოს კი „კალიარის“ დაუპირისპირდება. ლიგა 2-ის ახალ სეზონს კი 9 აგვისტოს, „ლავალთან“ მატჩით დაიწყებს.