პირველი ბარიერი შვედეთის 27-გზის ჩემპიონია - იბერიას რთული მისია
დღეიდან იწყება საქართველოს საფეხბურთო კლუბების მორიგი ევროსეზონი, რომელიც იმედია წინა წლებისგან განსხვავებით, უფრო დიდხანს გაგრძელდება და საბოლოოდ ისეთი შედეგით დასრულდება, რაზეც ქართველი გულშემატკივრები უკვე 21 წელია ოცნებობენ. საქმეში პირველად Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი „იბერია“ ერთვება, რომლის მეტოქეც შვედეთის საუკეთესო კლუბი „მალმიო“ იქნება, რომელზეც მცირე ინფორმაციას გაგაცნობთ.
1910 წლის 24 თებერვალს დაარსებული „მალმიო“ შვედეთის 27-გზის ჩემპიონი, თასის 16-გზის გამარჯვებული და სუპერ თასის 2-გზის მფლობელია. ევროტურნირებზე კი ყველაზე დიდი წარმატება 1979 წლით თარიღდება, როდესაც ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და დაძაბულ ბრძოლაში „ნოტინგემ ფიორესტთან“ 0-1 დამარცხდა.
„მალმიოს“ საფეხბურთო სამყარო ასევე იცნობს იქიდან, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მშობლიური კლუბი იყო. გუნდი საშინაო თამაშებს 22 500 გულშემატკივარზე გათვლილ „ელედა არენაზე“ ატარებს. მთავარი მწვრთნელი კი ჰენრიკ რიდსტრიომია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობს და მას შემდეგ ორჯერ ჩემპიონატი, ერთხელ კი თასი მოიგო.
შვედეთის მოქმედ ჩემპიონში გამოდის რამდენიმე ცნობილი ლეგიონერი და მათ შორის გამოსარჩევია მონტენეგროელი სეად ჰაკბანოვიჩი, რომელიც ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო. ახლახან დაიმატეს რობინ ოლსენი - 35 წლის მეკარეს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, ის სხვადასხვა პერიოდში „რომას“, „კალიარის“, „ევერტონისა“ და „ასტონ ვილას“ შემადგენლობაში გამოდიოდა, ხოლო შვედეთის ნაკრების ღირსება 77-ჯერ დაიცვა.
ამჟამად შვედეთის ჩემპიონატი ალსვენსკანი მიმდინარეობს და 15 ტურში დაგროვებული 24 ქულით „მალმე“ მეხუთე პოზიციას იკავებს და ლიდერ „მიალბუს“ 10 ქულით ჩამორჩება.