სკანდალი რუმინეთში - ფედერაციას გაყალბებულ წილისყრაში ადანაშაულებენ
რუმინეთის თასის პლეი-ოფის წილისყრის შემდეგ სკანდალი აგორდა. გულშემატკივრები აცხადებენ, რომ წილისყრა შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყო, რადგან მისი ჩატარების მანერა უცნაურად ჩანდა.
ვიდეოში ჩანს რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელ ბოდესკუ, რომელიც ცდილობს პატარა და გადავსებულ თასში ბურთების არევას.
მიუხედავად ამისა, ის თითქოს მუდმივად ერთ ბურთს ეხება და ბოლოს სწორედ მას იღებს. შედეგად გამოცხადდა, რომ „ფარულ კონსტანცა“ მეორე ლიგის „კორვინულ ჰუნედოარას“ შეხვდება.
გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში უკმაყოფილება ღიად გამოხატეს:
„აღარც მალავენ, რომ გაყალბებულია“
„მაინცდამაინც პატარა თასში რატომ ჩაყარეს?“
„ბუდესკუ რუმინელი დევიდ კოფერფილდია“
ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც გაყალბების ბრალდებები უარყვეს. აღიარეს მხოლოდ ის, რომ თასი პატარა იყო და ბურთების არევა გაძნელდა, თუმცა ეს პროცედურის სამართლიანობაზე გავლენას არ ახდენდა.