NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
იუტა - სან ანტონიო 101 - 99
ტურის ცენტრალური მატჩი იუტაში გაიმართა, სადაც “ჯაზმენებმა" ზედიზედ მეათე თამაში მოიგეს და დაძაბულ დაპირისპირებაში დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი - “სან ანტონიო სპურსი" დაამარცხეს.
წარმატებული პირველი ტაიმის შემდეგ “იუტამ" მესამე მეოთხედი 14 ქულიანი სხვაობით წააგო თუმცა “ჯაზმენებმა" მობილიზაცია მოახერხეს და საბოლოოდ მატჩში 2 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
“იუტას" რიგებში ტრადიციულად გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დონოვან მიჩელმა, “ჯაზმენების" ახალწვეულმა 25 ქულას მოუყარა თავი და უკანასკნელ წუთში 5 ქულა მოუტანა გუნდს, რამაც განაპირობა კიდევაც “იუტას" გამარჯვება.
“სპურსმა" ლამარკუს ოლდრიჯის არყოფნაში გუნდური კალათბურთი ითამაშა, ტეხასელთა რიგებში ერთბაშად 6 მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, ორმაგი დუბლი მიითვალა პო გაზოლმა - 15 ქულა, 15 მოხსნა.
„ჯაზმენები“ 29 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.
დეტროიტი - ნიუ ორლეანი 103 – 118
ზედიზედ მესამე მატჩი წააგო “დეტროიტ პისტონსმა, ბლეიკ გრიფინის გუნდმა ამჯერად “პელიკანსთან" ვერ გააწყო ვერაფერი და საკუთარ მოედანზე 15 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
დეტროიტელთა რიგებში 22 ქულა მოაგროვა ბლეიკ გრიფინმა, თუმცა “პისტონსის" მძიმე ფორვარდმა 6-დან მხოლოდ1 სამქულიანი მოათავსა კალათში. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ანდრე დრამონდმა, რომელმაც 13 ქულასთან ერთად 21 მოხსნას მოუყარა თავი.
საოცარ ფორმაში იმყოფება ენტონი დევისი, რომელმაც დემარკუს კაზინსის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო, “პელიკანსის" ვარსკლავმა კიდევ ერთი ორმაგი დუბლი გაიფორმა და 38 ქულასთან ერთად 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. “პელიკანსის" მხრიდან ჯრუ ჰოლიდეიც გამოირჩა, 27 წლის გამთამაშებელმა 21 ქულას და 12 გადაცემა დააგროვა.
30 მოგებითა და 26 მარცხით „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.
ფილადელფია - ნიუ იორკი 108 – 92
ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო საკუთარ კედლებში „ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“, რომელმაც პორზინგისის გარაშე დარჩენილი „ნიქსი“ 16 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და „ფილადელფიას“ 2 ქულიანი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში „ნიქსმა“ მხოლოდ 37 ქულა დააგროვა და მეოთხე მეოთხედი 9 ქულის სხვაობით წააგო.
ფილადელფიელთა რიგებში კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა ტი ჯეი მაკკონალმა - 10 ქულა, 10 მოხსნა და 11 გადაცემა. ტრადიციულად კარგი მატჩი ჩაატარ ჯოელ ემბიდმა - 17 ქულა, 6 მოხსნა.
პორზინგისი არყოფნაში „ნიქსის“ ლიდერობა საკუთარ თავზე მაიკლ ბიზლიმ აიღო, 29 წლის წლის მძიმე ფორვარდმა 22 ქულა მოაგროვა, მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ენეს კანტერმა - 17 ქულა, 13 მოხსნა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ფილადელფიამ“ 29 მოგება დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ბრუკლინი - ლოს ანჯელეს კლიპერსი 101 – 114
ზედიზედ მე-6 თამაში წააგო „ბრუკლინ ნეთსმა“, რომელიც ამჯერად 13 ქულიანი სხვაობით „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დამარცხდა.
„ბრუკლინმა“ ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშა, „ნეთსის“ 5-მა მოთამაშემ გადალახა 10 ქულიანი ნიშნული, ორმაგი დუბლი მიითვალა დემარი კეროლმა - 12 ქულა, 10 მოხსნა.
„კლიპერსის“ მხრიდან სათადარიგო სკამიდან 20 ქულას მოუყარა თავი ლუ ვილიამსმა, 29-ე ორმაგი დუბლი მიითვალა დეანდრე ჯორდანმა - 16 ქულა, 17 მოხსნა.
29 მოგებითა და 26 მოგებით „კლიპერსი“ კვლავ განაგრძობს საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.
ჩიკაგო - ორლანდო 105 – 101
წლევანდელ სეზონში ზედიზედ მესამედ დაამარცხა „ჩიკაგო ბულსმა“ „ორლანდო მეჯიქი“, ამჯერად „ხარებმა“ შინაურ კედლებში 4 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ჩიკაგოელების მხრიდან ლაური მარკანენი გამოირჩა 21 ქულით, თუმცა ფინელმა მძიმე ფორვარდმა 6-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ მოათავსა კალათში. ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა ბობი პორტისს - 19 ქულა, 7 მოხსნა.
ლიდერების არყოფნაში „ორლანდოს“რიგებში მარიო ჰეზონია გამოირჩა, ხორვატმა 30 წუთში 24 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი, ტრადიციულად კარგი მატჩი ჩაატარა ევან ფურნიემ, ფრანგმა მსროლელმა მატჩი 22 ქულით დაასრულა.
20 გამარჯვებითა და 36 მარცხით „ჩიკაგო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზე იმყოფება.
გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 129 – 83
დღევანდელი ტური ოკლენდში დაიხურა, სადაც „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ „ფინიქს სანსი“ 46 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.
„მეომრების“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ომრი კასპიმ, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა და 19 ქულასთან ერთად 10 მოხსნას მოუყარა თავი. 22 ქულა შესძინა გუნდს სტეფ კარიმ, სათადარიგო სკამიდან კი ნიკ იანგმა 16 ქულის დაგროვება მოახერხა.
„ფინიქსის“ მხრიდან ელფრიდ პეიტონი გამოირჩა, არიზონელთა ახალწვეულმა 29 ქულა ჩაიწერა აქტივში, 14 ქულა ჰქონდა ტი ჯეი ვორენს, თუმცა 27 წლის მსუბუქმა ფორვარდმა 18-დან მხოლოდ 6 ბურთი მოათავსა კალათში.
44 მოგებითა და 13 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.