როდრიგო მორა პსჟ-ში? | „შეთავაზება უკვე მზადდება“
„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში 18 წლის პორტუგალიელი შემტევის, როდრიგო მორას დამატებას შეეცდება. ამის შესახებ გამოცემა ParisFans-ი ჟურნალისტ პედრო ალმეიდაზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტის ცნობით, პსჟ შეთავაზებას ამზადებს და „პორტუს“ თანხასთან ერთად ერთი ფეხბურთელის იჯარით დამატებას სთავაზობს.
„პსჟ მზადაა, შესთავაზოს პორტუს 50 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით როდრიგო მორას სანაცვლოდ“, - წერს ალმეიდა.
ცნობისთვის, როდრიგო მორა 18 წლის შემტევია, რომლის დებიუტიც „დრაკონების“ რიგებში 2023 წელს შედგა, როდესაც მორა მხოლოდ 15 წლისა და 8 თვის იყო. ამ დროისთვის მორას „პორტუს“ მაისურით 35 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 ასისტია.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით, როდრიგო მორას გამოსასყიდი 70 მილიონი ევროა. მისი ძირითადი პოზიცია შემტევი ნახევარმცველია, თუმცა ახალგაზრდა პორტუგალიელს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა გარემარბის პოზიციებზე თამაშიც შეუძლია.