„ოქტაგონზე გამოვიდეს და დანარჩენს მივხედავ“ | ილიას პროგნოზი პირველ რაუნდში ფინიშია
ილია თოფურიამ არიელ ჰელვანის ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩარლზ ოლივეირა სახიფათო მებრძოლია, ვისი სათანადოდ დაფასებაც აუცილებელია.
„ჩარლზ ოლივეირას ჩამოწერა არ შეიძლება, რადგან სახიფათო მებრძოლია და UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ფინიში აქვს გაფორმებული. თუმცა, მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ. ვოლკანოვსკისთან და ჰოლოუეისთანაც იგივე იყო. მათ დამარცხებასა და დანოკაუტებას ვერავინ ახერხებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩემნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლიათ.
დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩემნაირი უნარები ამ სპორტში არავის აქვს და ჩარლზთანაც იგივე მოხდება. მას ჰგონია, რომ შანსი აქვს, მაგრამ რეალურად, ასე არაა. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, ოქტაგონზე გამოსვლაა და დანარჩენს მე მივხედავ. მას პირველ რაუნდში დავაფინიშებ.
ოლივეირა ყოველთვის წინ მიდის, ეს კი ზუსტად ისაა, რაც მჭირდება. ზოგადად, მეტოქეები გამირბიან და როდესაც დისტანციას ვამცირებ და ჩემს კომბინაციებს ვახორციელებ, მათ ვანოკაუტებ. ჩარლზთან დისტანციის შემცირება არ დამჭირდება, რადგან ის წინ წამოვა და ეს საკმარისია, რომ გავთიშო“.
ცნობისთვის, თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირებას მაყურებელი 29 ივნისს, დილის 08:00 საათიდან იხილავს.