„ტორინოს შეცდომის გამო ყველაფერი ჩაიშალა“ - საბა საზონოვის მამამ შვილის მომავალზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა რუსულ Sport24-თან ინტერვიუს დროს თავისი შვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, საბა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე „ტორინოს“ დატოვებს.
რას ამბობს ანდრეი საზონოვი:
„დიახ, დიდი შანსია, რომ ჩემმა შვილმა გუნდი შეიცვალოს. გასულ ზაფხულს, „ტორინომ“ „ხეტაფესგან“ შესანიშნავი შეთავაზება მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოიყენეს, ყველაფერი ბოლო წუთს ჩაიშალა.“
„თუ „ტორინო“ სათანადოდ მოიქცევა, დამშვიდობება შედგება. გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ინტერესი რუსეთის ლიგიდანაც იყო, მაგრამ ჩვენ რუსეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ განვიხილავთ.“
როგორც ანდრეი საზონოვის კომენტარიდან მოისმინეთ, „ხეტაფეში“ საბას ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაიშალა, ამის მიზეზი კი არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი გახდა, სადაც „ტორინომ“ საბუთები გააგზავნა. მიმდინარე სეზონში ქართველ მცველს ტურინული გუნდის შემადგენლობაში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ საზონოვმა ზამთარში კლუბი გამოიცვალოს.