„მასთან დარეკვა ჩემმა ცოლმა მაიძულა“ - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ RMC Sport-თან ინტერვიუს დროს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის ინციდენტი გაიხსენა, სადაც ზიდანმა დამატებით დროში იტალიელს თავი მკერდის არეში ჩაარტყა და შედეგად წითელი ბარათი მიიღო.
ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ ამ ეპიზოდის გამო ზიდანს თითქმის 2 წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა, თუმცა მათ შორის უთანხმოება, საბოლოოდ, მისმა ცოლმა მოაგვარა, რომელმაც ვილის ზიდანის ქორწილში დაპატიჟება აიძულა.
რა თქვა სანიოლმა:
„როდესაც თავი ჩაარტყა, ძალიან გავბრაზდი. წაგებული ფინალის შემდეგ გასახდელში შედიხარ და გესმის, რომ ერთ მომენტში ვიღაც ბიჭი ბოდიშს იხდის. მაგრამ არ უსმენ, რადგან იმ მომენტში იმედგაცრუებაში ხარ ჩაფლული... იმ მომენტში, როდესაც ის ბოდიშს იხდიდა, ნამდვილად არ მსურდა ამის მიღება... მოკლედ, არ მინდა ამაზე საუბარი და დებატებში შესვლა“.
„იმ მსოფლიო ჩემპიონატმა თავისი კვალი ნამდვილად დატოვა. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთთან არ გვისაუბრია. ჩემმა მეუღლემ შენიშნა, რომ ხანდახან ამაზე ვსაუბრობდი და რაღაც მაწუხებდა. მან მითხრა: „რატომ არ ეტყვი, რომ ქორწილში მოვიდეს?“. იმ მომენტში ვიფიქრე: „ეს უბრალოდ ფეხბურთია და ის ოცნებაც უკვე წარსული იყო, წავიდა...“ დავურეკე, მოწვევა გავუგზავნე და ისიც დამთანხმდა... ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ჩემს ქორწილში ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გვერდით მყავდა“.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მუნდიალის ფინალი საფრანგეთის ნაკრებმა იტალიასთან პენალტების სერიაში წააგო.