„მათი დაპირისპირების მორიგი ეპიზოდი“ | LEquipe-ი თუშიშვილსა და რინერზე
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტურნირის მეშვიდე დღეს, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილმა იასპარეზა. ქართველი ჯუდოკა ფინალში გავიდა, მაგრამ ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ჯუდოკებს მედლები ლეგენდარულმა ფრანგმა, ტედი რინერმა გადასცა. თუშიშვილმა რინერს ხელი არ ჩამოართვა, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელება იყო და გურამის ჟესტი ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, L’Equipe-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„ძიუდოს ეთიკურმა კოდექსმა კინაღამ სერიოზული დარტყმა მიიღო. დღეს საღამოს, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუდოკები ტედი რინერს უნდა დაეჯილდოებინა. როდესაც გურამ თუშიშვილის ჯერი დადგა, მან რინერს თვალებში არ შეხედა და არც ხელი ჩამოართვა. ეს მათი დაპირისპირების ახალი ეპიზოდია. დაპირისპირების, რომელიც 2022 წელს, გორში დაიწყო, შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადაზე გაგრძელდა“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე, რინერმა გურამის მისამართით პროვოკაციული ჟესტი გამოიყენა. თუშიშვილმა ნერვები ვერ მოთოკა და ფრანგს უპასუხა, რის გამოც, ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი ჯუდოკა დასაჯა და დისკვალიფიკაცია მისცა.
