„ამ ჩემპიონატზე ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია არ ვიყავით“ - რამაზ სვანაძე
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რამაზ სვანაძე:
„ფეხბურთელს სჭირდება შესაბამისი ინტენსივობის თამაშები - სათამაშო პრაქტიკა და ინტენსიური თამაშები. თუ ჩემპიონატი სწრაფია, ინტენსიურია, დაძაბულია, თუ ინტენსივობა თამაშიდან თამაშამდე იზრდება, ფეხბურთელი მზად არის ყველაფრისთვის. ჩვენ აქ პრობლემა გვაქვს. თუნდაც პორტუგალია ან პოლონეთი რომ ავიღოთ, ისინი ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაშობენ იმ ინტენსივობის თამაშებს, რასაც ჩვენ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ან შესარჩევ ეტაპზე ვთამაშობთ. ამ ყველაფერთან ადაპტირება გვიწევს პროცესში. არის მომენტები, როცა ეს გამოგვდის ან არ გამოგვდის. დღეს რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან დაღლილი იყო თამაშის ბოლოს, ეს ყველაფერი გვეტყობოდა, თუმცა მე ვერავის ვუსაყვედურებ იმ მიზეზების გამო, რაც უკვე ჩამოვთვალე.
„ბოლო წუთების სინდრომი“ შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად - ეს შეიძლება ფსიქოლოგიური, ან დაღლილობით გამოწვეული მომენტი, როდესაც ფეხბურთელი ისეთი დაღლილია, სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მას აღარ მიეწოდება ჟანგბადის ის ოდენობა, რაც საჭიროა ამა თუ იმ მომენტში რაღაცის გასაკეთებლად. რით ვუშველოთ ამას? სამწუხაროდ, ნაკრებში ამას ვერ ვუშველით. ჩვენ არ გვაქვს შეხება ფეხბურთელების ფიზმომზადებასთან. ეს არის ერთობლივად და სისტემურად გასაკეთებელი ბავშვობიდან. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინტენსიური თამაში თუ ვარჯიში. მერწმუნეთ, საქართველოში არ არის მწვრთნელობის პრობლემა. გვყავს ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი მწვრთნელები. გვყავს ძალიან კრეატიული მწვრთნელებიც, რაც ადრე ასე არ იყო. არ მომერიდება ამის თქმა და ვიტყვი: ინფორმაცია, რომელიც დღეს საქართველოში, მწვრთნელთა განათლებაში შემოდის, ძალიან ბევრ ქვეყანაში ამას ვერ ახერხებენ.
გული მწყდება ბევრ რამეზე, პირველ რიგში კი იმაზე, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია არ ვიყავით. ეს ბიჭებსაც ვუთხარით. ეს დასამალი არ არის და ამას აქვს თავისი მიზეზებიც. პირველ რიგში, ეს არის ის უდიდესი დანაკლისი, რომელიც გვქონდა. ძალიან რთულია, როდესაც ჩემპიონატის დაწყების წინ ძირითადი შემადგენლობის 3 ცენტრალურ მცველს კარგავ. ამას დაემატა საბა საზონოვის გმირობა, არ მომერიდება ამ სიტყვის. თუ სპორტსმენი შეიძლება იყოს გმირი, მაშინ ის, როგორც ჩაატარა საბამ პირველი ორი მატჩი, ეს ამის ნათელი დადასტურებაა. მეოთხე მცველიც დავკარგეთ, თუმცა იაკობიძემ დღეს ძალიან კარგად ითამაშა.
ამას დაემატა ის, რომ გუნდის ლიდერებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში, დაეტყოთ უთამაშებლობა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. ბიჭებმა ეს იციან, არ მინდა გვარების ჩამოთვლა, მაგრამ ჩვენ გვყავდა ფეხბურთელები, მათ შორის გუნდის ლიდერები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ისეთ კონდიციებში, რომ ყოველ მესამე დღეს ევროპის ჩემპიონატზე ასეთი დონის მატჩები ჩაეტარებინათ. ამას ადასტურებს სიგუას დღევანდელი მდგომარეობაც: წინა მატჩის შემდეგ მას კუნთი აწუხებდა და დღეს ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო. ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებმაც სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ფეხბურთის თამაში (სათამაშო პრაქტიკას ვგულისხმობ), იმიტომ რომ მათი ნიჭი დიდ ნაკრებსაც სჭირდება.
პორტუგალია ძალიან ძლიერი გუნდია, მინდა მათ ჩემპიონობა ვუსურვო. ისინი დიდი ხანია, ამ გზაზე არიან და ჩვენ, მწვრთნელებს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ის უპირატესობა, რომელიც შეხვედრის მსვლელობისას მიეცა. წითელი ბარათის შემდეგ პირველ ტაიმში ძალიან დასანანი გოლი მივიღეთ, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. მეორე ტაიმში გარისკვა ვცადეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ის გოლები, რომლებიც თუნდაც 10 კაცით გავუშვით, ნამდვილად არ იყო გასაშვები. ბოლო წუთებზე ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, ფეხბურთელებიც მიხვდნენ, რომ ამ თამაშის შემობრუნება უკვე რთული იყო.
საბოლოო ჯამში, და ბიჭებსაც ვუთხარი ამის შესახებ, ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც პირველად ისტორიაში სპორტული პრინციპით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ველოდებით შემდეგ თაობას და ვიმედოვნებთ, რომ ამ თაობიდან ბევრი ფეხბურთელი შეაღებს ეროვნული ნაკრების კარს. მომავალშიც ვიბრძოლებთ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვჭირდება. 0:4 წაგება ძალიან ცუდია. ჩემთვისაც, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, ეს ყველაზე დიდი მარცხია, რაც ეს ნაკრები ჩავიბარე. ესეც ძალიან მძიმეა, თუმცა ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც - საკმაოდ ღირსეულად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ვეცდებით, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშოთ“.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 3 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა და პლეიოფში ვერ მოხვდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მატჩში პოლონეთს მოუგო (2:1), შემდეგ კი საფრანგეთთან (2:3) და პორტუგალიასთან (0:4) დამარცხდა.