ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
ევრო 2025-ის მესამე ტურში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
ჯგუფიდან გასასვლელად რამაზ სვანაძის გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, შეხვედრა პორტუგალიელების უპირატესობით წარიმართა.
ახალგაზრდული ნაკრებისთვის შეხვედრა თავიდანვე უიღბლოდ დაიწყო. შეხვედრის მე-5 წუთზე ჩვენი გუნდი მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა - ლაშა ოდიშარიამ ფლავიო ნაზინიოსთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო.
მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა და როდრიგო პინეირომ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, მეორე გოლი 62-ე წუთზე გავიდა და ამჯერად თავი ჯოვანი ქუენდამ გამოიჩინა.
მესამე გოლის ავტორი 81-ე წუთზე, როდრიგო გომეში გახდა. ბოლო დამატებით წუთზე, პორტუგალიელებმა პენალტი გამოიმუშავეს და ამჯერად ლუკა ხარატიშვილის კარი ენრიკე არაუჟომ აიღო.
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთთან მატჩში ტრავმა საბა საზონოვმა მიიღო, ტურნირის დაწყებამდე კი რამაზ სვანაძემ 3 ცენტრალური მცველი დაკარგა.
გეტყვით ასევე, რომ პარალელურად გამართულ შეხვედრაში, საფრანგეთმა პოლონეთს მოუგო (4:1) და 3 ტურის შემდეგ, C ჯგუფის საბოლოო სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
1. პორტუგალია 7 ქულა
2. საფრანგეთი 7 ქულა
3. საქართველო 3 ქულა
4. პოლონეთი 0 ქულა