„არაფერი გამოგვივიდა, ინტერი საკუთარ თავს არ ჰგავდა“ - ლაუტარო პსჟ-თან მარცხზე
მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ განადგურდა.
„უნდა დავივიწყოთ ის, რაც ფინალში მოხდა და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. არ მესმის, როგორ გავუშვით ხელიდან ასეთი შესაძლებლობა.
ფინალის შემდეგ დათრგუნული ვიყავი, მიზეზებს ვეძებდი - 5-6 დღე ხმას ვერ ვიღებდი. იმ მატჩში არაფერი გამოგვივიდა, პსჟ-ს კი ყველაფერი გამოსდიოდა - ჩვენი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ასეთია ფეხბურთი. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ, სხვა გზა არაა.
ვიდრე კივუ მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა, მას ტელეფონით ვესაუბრე. დიდხანს ვილაპარაკეთ და საკუთარი იდეები გამიზიარა. მომწონს მისი მიდგომა, ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ. გამარჯვებისკენ ისწრაფვის, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ამის შემდეგ ვესაუბრე თანაგუნდელებს და ვთხოვე, კონცენტრირდნენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ, თუმცა სეზონს წარუმატებელს ვერ ვუწოდებ. „ინტერი“ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს და მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზეც ეს ამოცანა გვაქვს“.
ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე „ინტერის“ მეტოქეები „რივერ პლეიტი“, „ურავა რედ დაიმონდსი“ და „მონტერეი“ იქნებიან.