როგორ არჩევს ფეხბურთელებს პარი სენ-ჟერმენისთვის | ლუიშ კამპუშის ისტორია საყიდლებზე
ლუიშ კამპუში „პარი სენ-ჟერმენის“ სტრატეგიული მრჩეველია და გუნდს ფეხბურთელების არჩევაში ეხმარება. კამპუშს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სკაუტად თვლიან და პორტუგალიურ RTP-სთან ინტერვიუში მან საკუთარ საიდუმლო იარაღებზე ისაუბრა.
„ხანდახან სრულიად შეუმჩნეველი უნდა გავხდე და შევინიღბო, რათა სწორი მოთამაშეები და სწორი მწვრთნელები შევარჩიო. დღეს ჩემი სახე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ხშირად, მატჩებზე დასასწრებად, შენიღბვა მიწევს: მუქი ტანსაცმელი, ქუდები... ხელოვნური ულვაშებიც კი მქონია. იდენტიფიცირება ან ჟურნალისტების მიერ ჩემი ადგილსამყოფელის გაგება კი არ მაწუხებს, არამედ ის, რომ მოთამაშეებმა, რომლებსაც ვაკვირდები, ჩემი იქ ყოფნის შესახებ არ იცოდნენ.
ფეხბურთელებს ან მათ აგენტებს არასდროს ველაპარაკები, როდესაც მატჩებზე ინკოგნიტოდ წასვლას ვგეგმავ. ბილეთს ხშირად თავად ვყიდულობ და სტადიონზე საპრეზიდენტო ლოჟისგან შორს, სულ სხვა ადგილას ვჯდები. ჩემი მიზანია, დავინახო, მოთამაშე რეალობაში როგორია. მათთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში საყიდლებზე მივლია და მისადილია. ეს მეხმარება გავარკვიო მისი ფსიქოლოგიური პროფილი — დაარღვევს თუ არა ის ბალანსს მთელ გასახდელში.
მაგალითად, საყიდლებზე სიარულის შემთხვევა რომ ავიღოთ: იყო ერთი მოთამაშე, რომელზეც ყველა ეუბნებოდა: „ლუის, ის ვერასდროს გახდება დიდი მოთამაშე, რადგან ფულთან მიმართებით კონტროლს კარგავს“. ამიტომ მოვიფიქრე, რომ მჭირდებოდა სტრატეგია იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა ეს სიმართლე. ამ მოთამაშეს შევხვდი კაფეში, სადაც ირგვლივ ძალიან კარგი ბუტიკები იყო. ვუთხარი: „მოდი, შევიაროთ, დავათვალიეროთ და ვილაპარაკოთ-მეთქი“. და აი, შევიდა პირველ მაღაზიაში, მერე მეორეში, მესამეში და ასე შემდეგ... უამრავი ფული დახარჯა (იცინის).
მოგვიანებით, როდესაც მოთამაშეს რესტორანში ვხვდები, მას ვუზიარებ კლუბის კოლექტიურ პროექტსა და ჩვენს ხედვას. შემდეგ ვუხსნი, თუ როგორ ვხედავთ მას ამ პროექტში. როგორც წესი, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მოთამაშე ძალიან კონცენტრირებული უნდა იყოს. ხანდახან კი ველაპარაკები და ხუთი-ექვსი წუთის შემდეგ ვხედავ, როგორ დებს თავებს ხელებზე და მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის არის მოთამაშე, რომელსაც კონცენტრაცია აკლია და არ გააჩნია თანამედროვე ფეხბურთისთვის საჭირო გარკვეული მნიშვნელოვანი თვისებები“.
ცნობისთვის, კამპუში „პარი სენ-ჟერმენში“ 2022 წელს დაინიშნა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ მისი პოლიტიკაა, სუპერვარსკვლავების ნაცვლად, აქცენტის პერსპექტიულ ფეხბურთელებზე გაკეთება.