„შესანიშნავი მენტალიტეტი აქვს“ | უდინეზეში ჩაკვეტაძეზე ისაუბრეს
„უდინეზეს“ გენერალურმა მენეჯერმა, ფრანკო კოლავინომ და სპორტულმა დირექტორმა, გოხან ინლერმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრეს. იტალიურმა კლუბმა „ჩაკვე“ წარადგინა და პრესკონფერენცია ახლახან დასრულდა.
„პირველი ფეხბურთელი, ვისაც წარვადგენთ, გიორგი ჩაკვეტაძეა. ჩაკვეტაძე საოცარი ხარისხის მქონე მოთამაშეა, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. მათ შორის, „უოტფორდში“ ჩატარებული 100-ზე მეტი მატჩიცაა. მას „უდინეზეს“ მაისურით კაშკაშა მომავალს ვუსურვებ“, — განაცხადა კოლავინომ.
„უოტფორდში“ მის თამაშს ვუყურებდი და შესანიშნავი მენტალიტეტისა და გამოცდილების მქონე ბიჭია. ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. თუ რამე დასჭირდება, მის დასახმარებლად 100 პროცენტით მზად ვარ“, — აღნიშნა ინლერმა.
ცნობისთვის, „უდინეზემ“ ჩაკვეტაძე „უოტფორდიდან“ დაიმატა და მასთან 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველ ფეხბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს, თუმცა, დიდი ალბათობით, სეზონის დასაწყისში სათამაშოდ მზად იქნება.