თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი
Aa
Aa

სრული ფიასკო ვილნიუსში | დინამო თბილისი ჟალგირისთან 2:7 დამარცხდა და გავარდა

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში „დინამო თბილისის“ მეტოქე „ჟალგირისი“ გახლდათ. თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველი შეხვედრა თბილისში 3:0 მოიგო, განმეორებითი თამაში კი საშინლად ჩაატარა, შვიდი გოლი გაუშვა, 2:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

„ჟალგირისს“ სწრაფი გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა. მე-9 წუთზე ნუმან კურდიჩმა შეცდომა დაუშვა და ალექსანდრე კალანდაძემ საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია. პენალტი ნიკოლა პეტკოვიჩმა დაარტყა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი არაზუსტად შეასრულა.

25-ე წუთზე „ჟალგირისმა“ გოლი მაინც გაიტანა. მასპინძლებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და გიორგი ლორიას კარი სტანისლავ ბილენკიმ აიღო. „დინამო თბილისმა“ ანგარიში მე-40 წუთზე გაათანაბრა. თორნიკე კვარაცხელიას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა, რის შემდეგაც ლეო სანტოსმა შორიდან, მარცხენა ფეხით გაიტანა.

პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევრის სამწუთიან მონაკვეთში კი „ჟალგირისმა“ ორი გოლი გაიტანა. 59-ე წუთზე ლორიას კარი პეტკოვიჩმა აიღო და საკუთარი შეცდომა გამოასწორა, 61-ე წუთზე კი „დინამოელთა“ დაცვის ხაზის უხეში შეცდომის შემდეგ გოლი ბრაიან ტეიშეირამ შეაგდო — 3:1.

მესამე გოლის გატანის შემდეგ „ჟალგირისმა“ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და სათამაშო ინიციატივას ფლობდა. 70-ე წუთზე ქეცბაიამ მოედანზე მათე ვაწაძე შეიყვანა, რომელმაც 2 წუთში შორეული დარტყმით, ჩამორჩენა შეამცირა — 2:3, თუმცა რამდენიმე წამში პეტკოვიჩმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა.

82-ე წუთზე „ჟალგირისმა“ მეხუთე გოლო გაიტანა. ბილენკიმ დუბლი გაიფორმა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. 88-ე წუთზე მასპინძლებმა ერთხელ გამოიჩინეს თავი. „დინამო თბილისის“ კარი ნემანია მიჰაილოვიჩმა აიღო და „ჟალგირისი“ წინ გაიყვანა — 6:2. ეს ყველაფერი არ ყოფილა. 90-ე წუთზე ბილენკიმ ჰე-თრიქი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 7:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა
„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა