2-წლიანი კონტრაქტი დუბაისთან | თორნიკე შენგელია ბარსელონას ტოვებს
თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ ტოვებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტი გახდება და კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Catalunya Radio-ს ჟურნალისტი, ერნესტ მასია და საკალათბურთო ინსაიდერი, ანდრეა კალცონი ავრცელებენ.
მასიას მიხედვით, „ბარსელონა“ გამოსასყიდ თანხას, რომელიც 900 000 ევროს შეადგენს, უახლოეს საათებში თავად კალათბურთელისგან მიიღებს და შენგელია თავისუფალი აგენტი გახდება. მას „დუბაისთან“ ყველაფერი შეთანხმებული აქვს და ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ხავი პასკუალთან ერთად იმუშავებს.
კალცონის მიხედვით, შენგელია „დუბაისთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 10.6 ქულას, 3.7 მოხსნას, 1.8 შედეგიან გადაცემასა და 0.6 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგის შეხვედრებში მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 12.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა.