ოფიციალური ბოიკოტი | უეფას წევრები ფიფას ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ
უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ფიფას ინიციატივას გამოეხმაურა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო აპირებს, მსოფლიო ჩემპიონატების წილები გაყიდოს. უეფას ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ თუ ეს მოხდა, ევროპული ნაკრებები ფიფას ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„უეფა და მისი 55 წევრი ასოციაცია ერთად დგანან. ჩვენ ფიფას წინადადებას მსოფლიო ჩემპიონატსა და ფიფას სხვა ტურნირებზე საკუთრების უფლებების კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის შესახებ ერთსულოვნად და ცალსახად უარვყოფთ.
მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საინვესტიციო პროდუქტი. ის ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელიც თაობების განმავლობაში ყველა კონტინენტზე, მოთამაშეების, ეროვნული ნაკრებებისა და გულშემატკივრების მიერ იქმნებოდა. მისი არცერთი ნაწილი არასდროს არ უნდა გადაეცეს კერძო ინვესტორებს. მსოფლიო ჩემპიონატი არ იყიდება.
უპასუხისმგებლობაა და გაუმართლებელია, რომ ფეხბურთისთვის ასეთი მნიშვნელობის წინადადება საიდუმლოდ მომზადდა და დამტკიცებამდე თამაშის მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მივიდა. ეს არ არის მხოლოდ ლიდერების სიღრმისეული კრახი, ეს არის ფიფას, როგორც მსოფლიო ფეხბურთის მცველის, მოვალეობაზე უარის თქმა.
მსოფლიოს ეროვნული ფედერაციები ახლა ულტიმატუმის წინაშე დგანან: მიიღონ ფეხბურთის უდიდესი ტურნირების მიტაცება ან აღმოჩნდნენ შედეგების წინაშე. ეს არ არის „დემოკრატიული გადაწყვეტილება“, ეს არის მართვა დაშინების გზით — იძულების აქტი, რომელიც უღირსია ინსტიტუტისთვის, რომელსაც გლობალური სპორტის მართვა ნდობაზე დაფუძნებით დაევალა.
თუმცა ჩვენი ოპოზიცია გაცილებით შორს მიდის, ვიდრე უბრალოდ პროცესია.
იმ მომენტში, როდესაც გარეშე ინვესტორები საკუთრების წილებს ფიფას ტურნირებში შეიძენენ , ფეხბურთი სამუდამოდ შეიცვლება. კომერციული მოგება გახდება მუდმივი ვალდებულება. ინვესტორთა მოლოდინები გახდება ყოველდღიური ზეწოლა. იმ მომენტიდან მოყოლებული, თითოეული გადაწყვეტილება საერთაშორისო კალენდარზე, ტურნირების ფორმატებსა თუ ფეხბურთის მომავლის ფორმირებაზე აღარ იქნება ნაკარნახევი იმით, თუ რა არის უკეთესი თამაშისთვის, არამედ იმით, თუ რა არის უკეთესი ინვესტორებისთვის.
ამ მოდელს მსოფლიო ფეხბურთში ადგილი არ აქვს. ფეხბურთის მომავალს ვერ განსაზღვრავს იმ ადამიანების მოლოდინები, რომელთა პირველადი მოვალეობა ფინანსური მოგების მაქსიმიზაციაა. ვერც ეროვნული ასოციაციების, ლიგების, კლუბების, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ინტერესები გახდება ინვესტორთა მოგებაზე დაქვემდებარებული. ფეხბურთი ვერ დააგირავებს თავის მომავალს ფინანსური სარგებლისთვის.
ევროპის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ არასდროს მივანიჭებთ ამ მოდელს ჩვენს ლეგიტიმაციას. არავის აქვს მორალური უფლება გაყიდოს ის, რაც მას უბრალოდ ნდობით აბარია.
დღევანდელი დისკუსიის შედეგად, უეფას არცერთი ეროვნული ნაკრები არ მიიღებს მონაწილეობას ფიფას არცერთ ტურნირში მანამ, სანამ ეს წინადადებები ძალაში რჩება — სანამ ეს წინადადება სრულად არ გაუქმდება და არ გაიცემა სავალდებულო გარანტიები, რომ ფიფა არასდროს გახსნის თავის ტურნირებს კერძო საკუთრებისთვის.
ეჭვი არავის შეეპაროს: უეფა და მისი ეროვნული ასოციაციები ამ გეგმებს აბსოლუტური სიმტკიცით დაუპირისპირდებიან.
არის მომენტები, როდესაც ინსტიტუტებს განსჯიან არა იმით, თუ რის მისაღებად არიან მზად, არამედ იმით, რაზეც უარს ამბობენ კომპრომისზე წასვლაზე. ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მომენტია.
ზოგიერთი რამ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიყიდოს. ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთს ეკუთვნის. ის ყოველთვის ასე იქნება. და სანამ ევროპას ხმა აქვს, ის არასდროს იქნება გასაყიდი,“— ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივაა, შეიქმნას ახალი, შვილობილი კომპანია FIFA Forward Enterprise, რომელიც გააერთიანებს FIFA-ს კომერციულ საქმიანობასა და ღონისძიებების (საუბარია კაცთა, ქალთა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე) საორგანიზაციო საკითხებს.
FIFA Forward Enterprise გააკონტროლებს მუნდიალების სატელევიზიო უფლებებს, სასპონსორო საკითხებს, ბილეთების გაყიდვასა და ლიცენზიების გაცემას, რასაც დაემატება ტურნირების ორგანიზებასთან დაკავშირებული საოპერაციო დეტალები. შექმნის შემთხვევაში, FIFA Forward Enterprise წლის ბოლომდე 4.2 მილიარდამდე აშშ დოლარს მოიზიდავს, რაც კომპანიის 20 მილიარდად შეფასებული აქციების ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვით მოხდება (ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნდიალებთან დაკავშირებული ბიზნესის მეხუთედი იყიდება). FIFA დიდი ყურადღებით შეარჩევს გრძელვადიან ინვესტორებს, რომლებიც კომპანიის აქციების არასაკონტროლო პაკეტს შეიძენენ.