კასანო: „ინძაგის ინტერი კატასტროფაა“
წლევანდელი საფეხბურთო სეზონის მთავარი მატჩი წინ არის და მისი ერთ-ერთი მონაწილე „ინტერია“, თუმცა ანტონიო კასანოს ეს ხელს მაინც არ უშლის იმაში, რომ ნერიაძური და მისი მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი სასტიკად გააკრიტიკოს. ანტონიო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმონეს მიმართ შენიშვნებითა და აგრესიული კომენტარებით, რის გამოც თითქმის ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ნერიაძურის მიერ სკუდეტოს ხელიდან გაშვებას კასანო გამოეხმაურებოდა, რაც მართლაც ასე მოხდა.
ანტონიო კასანო
წლევანდელ იტალიის ჩემპიონატს ასეთ კომენტარს გავუკეთებდი - „ინტერს“ თითქმის მოგებული სკუდეტო ხელიდან გაეშვა და ტუალეტში ჩაუვარდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვებისგან განსხვავებით ნერიაძურის გრძელი სათადარიგო სკამი აქვს და 22 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში თამაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ყოველივე აქედან გამომდინარე, მილანელებს სკუდეტო უნდა მოეგოთ, თუმცა უკანასკნელ ოთხ წელიწადში უკვე მესამედ ოქროს მედლები სულელურად დაკარგეს.
ყველა საუბრობს ანტონიო კონტესა და „ნაპოლის“ გენიალურობაზე, მაგრამ სიმონე ინძაგიზე რას იტყვით? მისი ხელმძღვანელობით ბოლო ოთხ წელიწადში სეზონიდან სეზონამდე კლუბი მეორე წრეში სულ უფრო ცოტა ქულას აგროვებდა და ეს არაფერზე მეტყველებს? ეს უბრალოდ კატასტროფაა, ინძაგიმ ვერ შეძლო ძლიერი და ბრძოლისუნაურიანი გუნდის ჩამოყალიბება.
ცნობისათვის, კასანოს მიერ გაკრიტიკებული სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით უკანასკნელ სამ წელიწადში „ინტერი“ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ერთხელ სკუდეტოც მოიპოვა.