სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჰქონდა | კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონის გამარჯვებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი’’ გახდა, 40 ქულით პირველზე გავიდა, მეორეადგილოსან „ზალცბურგს'' 2 ქულით გაასწრო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა'' 37 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბთან ერთად ზედიზედ მეორე სეზონში გაჩემპიონდა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, ავსტრიის ბუნდესლიგამ 2023-24 და 2024-25 წლების სეზონებში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კიტეიშვილი დაასახელა.

29 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც 2018 წლიდან „შტურმში'' თამაშობს, ავსტრიის ჩემპიონატის 2024-25 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლებით პირადი რეკორდი დაამყარა, 12 გოლი ამ სეზონამდე არ გაუტანია.

ჩემპიონატის დასკვნით ტურში გრაცის „შტურმი’’ პირველი ტაიმის შემდეგ ბოვინგის გოლით „ვოლფსბერგერს’’ 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში ტიერნო ბალომ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი „შტურმის’’ სასტარტოში იყო, 90 წუთი ითამაშა.

„ვოლფსბერგერის’’ მთავარმა მწვრთნელმა დიტმარ კიუბაუერმა, რომელიც სანდრო ალთუნაშვილს სეზონის მიმდინარეობისას ნაკლებად ენდობოდა და როტაციაში ჰყავდა, ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში დააყენა, 75-ე წუთზე შეცვალა.

ალთუნაშვილმა 2024-25 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, „კლაგენფურტთან'' საჯარიმოს გარედან ბრწყინვალედ გაისროლა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბირთვი გადავსებულია, კონკურენცია ელის“ - Record-ი ქოჩორაშვილზე
„ბირთვი გადავსებულია, კონკურენცია ელის“ - Record-ი ქოჩორაშვილზე