ბასილაშვილის ღირსეული ჟესტი | ნიკოლოზმა მეტოქისგან აპლოდისმენტები მიიღო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში მსოფლიოს 270-ე ჩოგანი, ჟოფრი ბლენკენო დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში, 6:2, 6:4 იმარჯვა და საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს.
მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტი, რომელმაც საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია და ბასილაშვილმა მეტოქისგანაც აპლოდისმენტები მიიღო. მეორე სეტში, 1:1-ზე, ბლენკენოს მოწოდებაზე დაწყებული გათამაშებისას, მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთი ფრანგი ჩოგბურთელის მხარეს ორჯერ დაეცა და გათამაშება გააჩერა, ქულა კი ნიკოლოზს ჩაეთვალა.
ბლენკენო გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩა, პროტესტი გამოხატა და მსაჯის არჩევანს პუბლიკაც სტვენით შეხვდა. გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთი ორჯერ არ დაცემულა და რეფერი შეცდა. როდესაც ბლენკენო მსაჯს ეკამათებოდა, მასთან ბასილაშვილი მივიდა და მეტოქეს წაგებული ქულის გადათამაშება შესთავაზა, რის შემდეგაც, პუბლიკისა და ოპონენტის აპლოდისმენტები მიიღო.
ბასილაშვილი გეიმს 0:15-ს აგებდა და 15:15-ის ნაცვლად, ბლენკენომ მეორე ქულა აიღო და ანგარიში 30:0 გახადა. საინტერესოა, რომ ამ გეიმში ფრანგი ჩოგბურთელი 40:0 დაწინაურდა, მაგრამ ნიკოლოზმა ბოლომდე იბრძოლა და ბრეიკპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა კიდეც.