„ფაველებში გავიზარდე, არავისი მეშინია“ | ოლივეირას კომენტარი ილიას ბოდიშზე
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება. ჩხუბამდე, „ელ მატადორმა“ „დუ ბრონქსს“ წინასწარ ბოდიში მოუხადა და ოლივეირამ მის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
„15 წელია UFC-ში ვართ ხომ?! უამრავი მებრძოლი მინახავს, რომლებსაც მსგავსი რაღაცები უთქვამთ. ისინი ამბობდნენ, რომ დამაფინიშებდნენ, დამამარცხებდნენ და ა.შ, მაგრამ როდესაც ჩხუბის დრო მოდიოდა, ვერაფერს აკეთებდნენ. როგორც აღვნიშნე, ყველა მეტოქეს პატივს ვცემ და გამონაკლისი არც თოფურიაა. ის ამბობს, რომ ოცნებები აქვს ხომ?! ოცნებები მეც მაქვს. პირობები მაქვს შესასრულებელი და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.
ფაველებში გავიზარდე. მთელი ოჯახი ერთ ოთახში ვცხოვრობდით და სააბაზანოს 6 ადამიანი ვიყენებდით. საოცრებაა, ის, რაც ახლა მაქვს და როგორც ვცხოვრობ. ეს ბევრ ადამიანს არ გამოსვლია. იგივე ადამიანი ვარ და წარმატების მიუხედავად, არ შევცვლილვარ. ისევ ის ბიჭი ვარ, რომელიც ფაველებში ფეხშიშველი დადიოდა და ყველასთან ჩხუბისთვის მზად იყო. ცხოვრებაზე უფრო ძლიერ დარტყმას ვერავინ მომაყენებს და არავისი მეშინია“.
ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 მოგება და 10 წაგება აქვს. „დუ ბრონქსმა“ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი არმან ცარუკიანთან დამარცხდა. „ელ მატადორისა“ და ოლივეირას დაპირისპირება საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.