5 შესაძლო ტრანსფერი - გოგლიჩიძე ნოტინგემ ფორესტს დაუკავშირეს
„ნოტინგემ ფორესტმა“ 2024-25 წლების სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის რეალურ შანსსაც ინარჩუნებს.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა hitc-ი ნოტინგემელთა სამომავლო მიზნებზე წერს და 5 სავარაუდო ტრანსფერს ასახელებს, რომლებიც კლუბს ახალი სეზონისთვის დასჭირდება და შესაძლოა ზემოხსენებული მოთამაშეები „ფორესტის“ თვალთახედვის არეში უკვე იმყოფებიან.
სასიამოვნოა, რომ ხუთკაციან სიაში საბა გოგლიჩიძეც მოხვდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ემპოლის“ რიგებში კარგი თამაშით ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
„ნიკოლა მილენკოვიჩი კარგი მაგალითია იმისა, რომ სერია A-დან შეძენილი მცველები გაცემულ ავანსებს ამართლებენ. მან პრემიერლიგაში ამ სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი 100+ დუელიც მოიგო ლიგაში.
მსგავსი აგრესიული თამაშით მიმდინარე სეზონში სახელი ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემაც გაითქვა. ის ასევე მაღალ ტემპში თამაშობს და საჰაერო ორთაბრძოლებსაც დამაჯერებლად იგებს.
გოგლიჩიძემ ამ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და მის მიმართ ინტერესი მილანს, იუვენტუსს, რომასა და ინტერს აქვთ. შეიძლება, თუ არა ფორესტმა 20 წლის ფეხბურთელი შეიძინოს? მილენკოვიჩმა ფანტასტიკური მაგალითი გვაჩვენა, საიდანაც სწავლა შეიძლება და შესაძლოა ქართველის ტრანსფერი შედგეს, თუ მურილიოს ევროპული გიგანტები წაიყვანენ“.
გოგლიჩიძის გარდა „ფორესტის" სავარაუდო სატრანსფერო სიაში ჯონათან დევიდი (ლილი), ჯოერლ ჰატო (აიაქსი), რაიან შერკი (ლიონი) და ლიამ დელაპი (ლესტერი) იმყოფებიან.
პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ „ნოტინგემ ფორესტს“ 65 ქულა აქვს და კონფერენს ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვთ. 38-ე ტურში „ჩელსის“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ ევროპა ლიგაზე მოხვდებიან. პარალელურ მატჩებში მცირედი გამართლების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ხუთეულშიც მოხვდება.