„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | დევიდ უებს კვარა 80-იანი წლების მოთამაშეს აგონებს
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა Le Parisien-ს ინტერვიუ მისცა. უებმა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „კვარა“ 70-იანი და 80-იანი წლების მოთამაშეებს ახსენებს.
„კვარაცხელია ძველი ეპოქის ფეხბურთელს მახსენებს. გახსოვთ კრის უოდლი, ჯორჯ ბესტი და იოჰან კრუიფი? გახსოვთ მათი მსგავსი მოთამაშეები 1970 და 1980-იანი წლებიდან? კვარა მოედანზე მათნაირად მოძრაობს. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მოძრაობის, შერბენებისა და მიმართულების შეცვლის მხრივ, თანამედროვე გარემარბებისგან ან თავდამსხმელებისგან ძალიან განსხვავდება.
კვარაცხელია თავდაუზოგავად მუშაობას შეჩვეულია. პარი სენ-ჟერმენმა გადაიყვანა გამორჩეული თვისებების მქონე ფეხბურთელი, რომელიც ამავდროულად, გუნდისთვის მაქსიმალურად იხარჯება. ხვიჩა სავარჯიშო მოედანს ყოველთვის ბოლოს ტოვებს და გამუდმებით პროგრესზეა ორიენტირებული“.
საინტერესოა, რომ Le Parisien-ს ფრანგი ჟურნალისტის, ლორენ დელაჰუსის კომენტარიც აქვს მოყვანილი, რომელიც აცხადებს, რომ კვარა 70-იანი წლების „სენტ-ეტიენში“ თავისუფლად ითამაშებდა.