გარნეტზე უფრო სწრაფად - ედვარდსი მინესოტას რეკორდსმენია
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „მინესოტამ“ „ოკლაჰომასთან“ (103:118) მეორე თამაშიც წააგო და მედიის წარმომადგენლებზე განაწყენებული „ტიმბერვულვზის“ ლიდერი ენტონი ედვარდსი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. განაწყენების მიზეზი კი გახლავთ მისი 50 ათასი დოლარით დაჯარიმება, რომლითაც 23 წლის კალათბურთელი „თანდერთან“ სერიის პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან უცენზურო საუბრის გამო დასაჯეს.
მისი გუნდის მარცხის მიუხედავად, ედვარდსს სიხარულის მცირე საბაბი მაინც ჰქონდა, რადგან ამ შეხვედრაში დაგროვებული 32 ქულით, ის „მინესოტას“ ისტორიაში NBA-ს პლეი ოფებში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ედვარდსის ანგარიშზე ამჟამად 1065 ქულაა, რომლის დასაგროვებლადაც 39 მატჩის ჩატარება დასჭირდა, მაშინ როდესაც აქამდე ერთპიროვნულმა რეკორდსმენმა კევინ გარნეტმა 1051-ქულიან ნიშნულს მხოლოდ და მხოლოდ 47 თამაშის გამართვის შემდეგ მიაღწია.
ცნობისათვის, „მინესოტა“ „ოკლაჰომასთან“ დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 0:2 მარცხდება და „თანდერსა“ და „ტიმბერვულვზს“ შორის მომდევნო, მესამე შეხვედრა „მინესოტას“ დარბაზში გაიმართება და თბილისის დროით, 25 მაისს, თბილისის დროით 04:30 წუთზე დაიწყება.