„აშკარად უკეთესი გუნდი გავხდით“ - ენრიკე მბაპეს წასვლაზე
კილიან მბაპემ ერთი წლის წინ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და „რეალში“ გადაბარგდა იმ მიზეზით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა, თუმცა ახლა ასეთი და მისთვის ცოტა არ იყოს კომიკური სიტუაციაა - პარიზული გრანდი „ინტერთან“ ფინალისთვის ემზადება, კილიანმა და მისმა „ბლანკოსმა“ კი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულეს. როგორ შეიცვალა მისი გუნდი მბაპეს წასვლის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით „სენ-ჟერმენის“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს ენრიკე
გავიტანეთ უფრო მეტი გოლი, ვიდრე გასულ სეზონში და უფრო მეტმა ფეხბურთელმა გააკეთა საგოლე გადაცემა. მოთამაშეებს გამუდმებით ვეუბნებოდი და ვეუბნები, რომ ბურთი ყოველთვის გადააწოდონ იმ ფეხბურთელს, რომელიც უკეთეს პოზიციაზეა. ახლა ყველაფერს მიჯერებენ და ნამდვილი ერთსულოვნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული კლუბი აღარ ვართ. გასულ სეზონშიც ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა - ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ვითამაშეთ, მაგრამ ახლა სულ სხვა დონეზე ვართ და გაცილებით გავძლიერდით.
ცნობისათვის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ „ინტერს“ შეხვდებიან. იქამდე კი ხვალ, საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდებიან.