„მზადაა, თანაგუნდელებისთვის თავი გაწიროს“ | ანდრეს კარასკო ხვიჩაზე
„დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და აკადემიის ხელმძღვანელმა, ანდრეს კარასკომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კარასკო „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხვიჩა თანაგუნდელებს უკეთესს ხდის.
„არის შანსი, კვარაცხელია ის ნაწილი იყოს, რომელიც თითქმის იდეალურ გუნდს აკლდა. ხვიჩას თამაშის ყურება ფუფუნებაა, თუმცა, მაღალი დონის მატჩებში ჩანს ევოლუცია, რომელიც მან ლუის ენრიკესთან მუშაობის წყალობით განიცადა. საუბარი მაქვს გაწეულ სამუშაოზე, რომელსაც ხვიჩა გუნდისთვის ასრულებს.
კვარაცხელია თანაგუნდელებს უკეთესს ხდის, რადგან მზადაა, მათთვის საკუთარი თავი გაწიროს. როდესაც ამის კომბინირება ხდება თანაგუნდელების დონესთან, გამოდის, რომ ხვიჩა გუნდს ძალიან აძლიერებს“.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენში გამართულ სადებიუტო სეზონში, კვარაცხელიამ ლიგა 1 მოიგო, საფრანგეთის თასის დასაკუთრების შანსი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს გაიმართება და პსჟ-ს მეტოქე „რეიმსია“, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა კი „ინტერის“ წინააღმდეგ, 31 მაისსაა ჩანიშნული.