მაკტომინეის და ლუკაკუს გოლებით | ნაპოლიმ მეოთხე სკუდეტო მოიგო
იტალიის სერია ა-ში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დასკვნითი ტური ვიხილეთ. ბოლო ტურამდე ჩემპიონობისთვის ორი გუნდი, „ნაპოლი“ და „ინტერი“ იბრძოდნენ - „პარტენოპეიმ“ შინ „კალიარის“ მოუგო (2:0), „ნერაძური“ კი „კომოს“ ესტუმრა და ასევე 2:0 იმარჯვა.
ნეაპოლელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ 42-ე წუთზე შეძლეს - ეფექტური დარტყმით თავი სკოტ მაკტომინეიმ გამოიჩინა. 31-ე წუთზე ანტუან მაკუმბუმ არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი მიიღო - ვიდეორეფერი ეპიზოდს წითელ ბარათზე ამოწმებდა, თუმცა საბოლოოდ მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. 51-ე წუთზე ლუკაკუმ „კალიარის“ ორი მცველი ჩამოიტოვა და „პარტენოპეის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„პარტენოპეიმ“ შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და მეოთხე (ბოლო 3 წელიწადში კი მეორე) სკუდეტო მოიგეს. აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტემ მწვრთნელის რანგში მეხუთე სკუდეტო მოიგო (3 „იუვენტუსთან“ და 1 „ინტერთან“ ერთად) და გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონობა 3 გუნდთან ერთად შეძლო.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ მეოთხე სკუდეტოში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში „პარტენოპეის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა, წესების თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონობის მომენტისთვის გუნდის განაცხადში იქნება. კვარაცხელია მათ რიცხვს არ ეკუთვნის, შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად, ეს „ნაპოლის“ გადასაწყვეტი იქნება.
რაც შეეხება „ნერაძურის“, „ინტერმა“ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა: ჰაკან ჩალჰანოღლუმ კუთხური ჩააწოდა, სტეფან დე ვრეიმ კი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და „ნერაძური“ დააწინაურა. 37-ე წუთზე პეპე რეინამ „კომო“ მეორე გოლისგან იხსნა, როდესაც მასთან პირისპირ გასული მეჰდი ტარემის დარტყმა მოიგერია. თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს გამოცდილმა ესპანელმა კარიდან გამოსვლა დააგვიანა და ტარემი წააქცია, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო და „კომო“ უმცირესობაში დატოვა. 51-ე წუთზე ანხელ კორეამ „ინტერის“ მეორე გოლი გაიტანა, თუმცა წინა ტურში „ლაციოსთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრა სიმონე ინძაგის გუნდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და „ინტერი“ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

ამგვარად, „ნაპოლიმ“ 82 ქულით ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილზე 81 ქულით „ინტერია“, მესამეზე 74 ქულით „ატალანტა“. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი საგზურის მფლობელს კვირას, 25 მაისს „იუვენტუსი“, „რომა“ და „ლაციო“ გაარკვევენ.