„მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იდგა“ | მამარდას მიმართვა ბოლო მატჩის შემდეგ
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის დასკვნით ტურში, „ღამურები“ „ბეტისს“ დაუპირისპირდნენ. „მამარდამ“ ერთი რთული ბურთი მოიგერია, შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, ქართველმა გოლკიპერმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „სეზონის ბოლო თამაში ვალენსიაში. მადლობა ყველას, ვინც იდგა ჩემს გვერდით ამ რთულ გზაზე. მალე შევხვდებით ახალ ჰორიზონტზე ,ახალი თავგადასავლებით, ახალი გამოწვევებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება“.
View this post on Instagram
ზაფხულში, მამარდაშვილი „მესტალიას“ დატოვებს და „ლივერპულს“ შეუერთდება. „წითლებმა“ მისი ტრანსფერი გასულ ზაფხულს დახურეს და „ვალენსიაში“ იჯარის წესით დატოვეს. გიორგის თქმით, ის „ენფილდზე“ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და ალისონისთვის კონკურენციის გაწევა უნდა.
ცნობისთვის, ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა.