Tuttomercatoweb: ეს სკუდეტო კვარაცხელიასაც ეკუთვნის?
მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ „კალიარის“ დამარცხების (2:0) შემდეგ სკუდეტო ისტორიაში მეოთხედ მოიგო, იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს და ცდილობს გაარკვიოს, რამდენად არის ამ ტიტულში ქართველი შემტევის როლი.
ცნობილი იტალიური გამოცემა tuttomercatoweb-ი ამ საკითხს სტატიას უძღვნის.
„ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი წრე დასჭირდა იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი დაეფიქსირებინა, ვიდრე დევიდ ნერეშს მთელს სეზონში ჰქონდა: 17 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. ქართველი ჩემპიონი, რომელმაც ნაპოლი იანვარში დატოვა და კარიერა პარიზში გააგრძელა, თებერვლიდან პსჟ-ს რიგებში კიდევ უკეთესად გამოიყურება, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა და არ ეხება იმ ნაპოლის, რომელმაც 2022 წლის ზაფხულში ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება საუკეთესოდ მოახერხა.
კვარაცხელია, ალბათ, დე ლაურენტისის მენეჯმენტის საუკეთესო ინტუიცია იყო – მენეჯმენტის, რომელსაც სხვა წარმატებული არჩევანიც არაერთხელ გაუკეთებია. სერია A-ში, გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილის, ტრანსფერის ღირებულებისა და დებიუტის ეფექტიანობის გათვალისწინებით, არავინაა, ვინც ხვიჩას მსგავსად ასეთ გავლენის მომხდენ შედეგს ასე სწრაფად მიაღწია. დაასახელეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად პირველივე სეზონში.
კვარაცხელია ნეაპოლში ორსეზონნახევარი დარჩა და, როგორც ზემოთ ვთქვით, სტატისტიკითა და თამაშით ანტონიო კონტეს საქმეში თავისი წვლილი ნამდვილად შეჰქონდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ მან, საკუთარი ტრანსფერით სეზონის შუაში, გუნდის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. მისი წასვლა ეჭვქვეშ აყენებდა ყველა იმ სტრუქტურულ საყრდენს, რაც მწვრთნელმა სეზონის პირველ ნახევარში ასე სწრაფად იპოვა. სათანადო შემცვლელის გარეშე, ნერეშის ხშირი ტრავმების გამო არყოფნის ფონზე, კონტეს მეორე წრეში თითქმის ყოველი მატჩისთვის სხვადასხვა სასტარტო შემადგენლობის მოფიქრება უხდებოდა – უნდოდა თუ არა, სიბნელეში სიარული უწევდა, რაც სექტემბრიდან დეკემბრამდე არ ჰქონია.
კვარამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ დღემდე თვალს ადევნებს თავისი ყოფილი კლუბის მატჩებს: „ფაბიან რუისი, დონარუმა და მე ერთად ვუყურებთ. ყველას გვიყვარს ნაპოლი“. თქვა მან. ამ წუთებში, ალბათ, ისიც ხარობს სკუდეტოს მოგებით – ტიტულით, რომელშიც წვლილი თავადაც შეიტანა, თუმცა გარკვეულწილად თავადვე დააყენა რისკის ქვეშ. მაშ, ითვლება თუ არა ეს წარმატება ნაწილობრივ ხვიჩას მიღწევადაც? პასუხი მარტივი არ არის – როგორც ნებისმიერ საკითხში, სადაც გული და გონება განსხვავებულ პასუხს იძლევიან. საინტერესოა, რას ფიქრობს დე ლაურენტისიც, რადგან სწორედ მას მოუწევს გადაწყვიტოს – გაუგზავნოს თუ არა ქართველ ფეხბურთელს ის მედალი, რომელიც იტალიის ჩემპიონს ეკუთვნის“.
- წერს იტალიური გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა რეალურად სკუდეტოსთვის ოქროს მედალს ვერ მიიღებს, რადგან წესების თანახმად (რეგლამენტის მიხედვით), მედლებს მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც ჩემპიონობის მომენტში გუნდის განაცხადში იმყოფებოდნენ.