„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
რიო ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა და თავის არხზე, Rio Ferdinand Presents-ზე ატვირთა.
რიო: იცი დიდი ინგლისელი ფეხბურთელი კრის უოდლი? როცა პირველად შენი თამაში ვნახე, ვიფიქრე რომ მას ჰგავდი. მსგავსება დავინახე. როცა სახლში წახვალ, შეგიძლია უყურო. სულ მოძრაობდა. ვინ იყო ფეხბურთელი, ვინც ბავშვობაში მოგწონდა, ვისაც ბაძავდი?
ხვიჩა: კრიშტიანუ, მაგრამ ვიცი რომ ის ჩემგან განსხვავებული ფეხბურთელია. ის ჩემი კერპი იყო. მის თამაშს ყველგან ვუყურებდი. პროფესიონალია და ეს მისი მთავარი თვისებაა. ყველამ იცის, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი განვლილი გზიდან ვისწავლე. არ ვგულისხმობ მხოლოდ მინდორს, არამედ მხედველობაში მინდორს მიღმა ცხოვრებაც მაქვს. პროფესიონალმა ასე უნდა იცხოვროს.
რიო: როცა მცველზე მიდიხარ, ეს ინსტინქტია თუ შენ ზუსტად იცი, როგორ უნდა იმოქმედო?
ხვიჩა: ვფიქრობ, ის უფრო მეტად ინსტინქტია. ვცდილობ, სწრაფად ვიმოქმედო, ფიქრისთვის ბევრი დრო არ გაქვს სად ან როგორ წავიდე. ვცდილობ ჩემი სხეული სწრაფად მოძრაობდეს. ცრუ მოძრაობები... ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ინსტინქტია. ზოგჯერ, მათ ვუყურებ და ვიცი როგორც თამაშობენ, თავს როგორ იცავენ. თუ მცველი სწრაფია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. ვგულისხმობ კარში დარტყმას თუ ცრუ მოძრაობას. ეს ყველაფერი, თუ როგორ ვიმოქმედებ კონკრეტულ მცველზე, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია მისი პროფილი.
რიო: რომელ მცველებს გამოყოფ?
ხვიჩა: საფრანგეთში კარგი მცველები არიან, სწრაფები არიან, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ არნოლდი ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია. ბევრს ვერ დავასახელებ, მაგრამ რაც პარიზში ვარ, ყველაზე ძლიერ მცველად მას მივიჩნევ.
რიო: როცა თამაშში ხარ, ფიქრობ სტატისტიკაზე, გოლზე ან საგოლე პასზე თუ სიამოვნებას იღებ?
ხვიჩა: სიამოვნებას ვიღებ, ფეხბურთი ძალიან მიყვარს. არ მომწონს, რომ ყველა სტატისტიკას უყურებს, მაგრამ ყველაზე მთავარია გუნდის გამარჯვება და სიამოვნების მიღება. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. მნიშვნელოვანია გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება, მაგრამ ზოგჯერ არის მატჩები, როცა ძალიან კარგად თამაშობ, მაქსიმუმს აჩვენებ, მაგრამ შესაძლოა არ გქონდეს იღბალი. ვცდილობ თამაშით სიამოვნება მივიღო და გუნდის ნაწილი ვიყო.
რიო: თამაშის შემდეგ არნოლდს ესაუბრე?
ხვიჩა: თამაშის შემდეგ ბევრს არ ვსაუბრობ, რადგან ძალიან დაღლილი ვარ.
რიო: როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი შენ ჯერ კიდევ სწავლობ ახალ უნარებს.
ხვიჩა: დიახ, მე ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს, ვიდეოებს. Youtube-ში შეგიძლია ნახო ვინ არის კარგი ბურთთან ერთად. 1 თვის წინ რონალდინიოს ვიდეოებზე დამოკიდებული ვიყავი. ის საოცარი იყო. სიამოვნებას ვიღებ, როცა მის ვიდეოებს ვუყურებ. მინდა მისი ზოგიერთი მოძრაობა გავიმეორო. შეგიძლია წარმოიდგინო და მინდორზე გააკეთო.
რიო: მინდა პსჟ-ს შემტევ სამეულზე გკითხო. რას მოითხოვს მწვრთნელი თქვენგან?
ხვიჩა: მან იცის, რომ შეტევაში თამაში ძალიან კარგად შეგვიძლია, მაგრამ ის ითხოვს, რომ დაცვაშიც ასევე კარგად ვითამაშოთ. თანამედროვე ფეხბურთში თავი ძალიან კარგად უნდა დაიცვა. როცა კონტესთან „ნაპოლიში’’ ვმუშაობდი, ტაქტიკები კარგად გავიაზრე. დაცვითი ტაქტიკების შესწავლაში ძალიან დამეხმარა. დაცვაში კარგი არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვცდილობ ეს კომპონენტი გავაუმჯობესო. ჩემით კმაყოფილი დავრჩი, რადგან ადრე არ ვიყავი ის ფეხბურთელი, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა და დაცვას ეხმარებოდა. ვცდილობ ეს უნარი გავაუმჯობესო და დაცვით დავალებებს ახლა საკმაოდ კარგად ვასრულებ.
ხვიჩამ ფიზმომზადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „ შესაძლოა, გსურს გუნდს დაეხმარო, მაგრამ ენერგია არ გაქვს’’
რიო: მე ვნახე შენი თამაშები, როგორ მორბოდი უკან. ჩემთვის მოულოდნელი იყო. არ მინახავს გარემარბები, რომლებიც ასე სწრაფად ბრუნდებოდნენ უკან.
ხვიჩა: მინდორზე მაქსიმალურად ვიხარჯები. გავიაზრე, რომ მნიშვნელოვანი მცველს დაეხმარო, რადგან გარემარბები ერთი-ერთზე ძალიან ძლიერები არიან. როცა მცველზე მივდივარ, მცველს ვიღაც ეხმარება. გავიაზრე, რომ მცველის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მცველს გარემარბი ეხმარება, გარემარბისთვის ორ ფეხბურთელზე წასვლა ნამდვილად რთულია.
რიო: გაქვს ხშირი კომუნიკაცია მცველთან? კარგი ურთიერთობა კარგ გუნდს ნიშნავს.
ხვიჩა: ნუნუ მეუბნება, როგორ სჯობს, როგორ არის უკეთესი. როცა მეტოქის გარემარბი შეტევაშია, ვცდილობთ მაქსიმალურად შევზღუდოთ. კომუნიკაცია გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ხვიჩას თქმით პსჟ-ს თამაშებს „ნაპოლიში'' თამაშის დროსაც უყურებდა: პსჟ-ს თამაშების ყურება მანამდეც მიყვარდა ვიდრე აქ გადმოვიდოდი. მეტ-ნაკლებად ვიცოდი თითოეული ფეხბურთელი როგორ თამაშობდა. ახლა ვიცი რომ შეტევაში შეშლილი ფეხბურთელები გვყავს. პასს აძლევ, სწრაფად მირბიან, გოლს იტანან ან რაღაც მსგავსი. ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს. თუ მარცხნიდან ბარკოლაა, პასი სივრცეში უნდა მივცე და ის უსწრაფესად გაიქცევა. ანალოგიურად ვფიქრობ ნუნუ მენდეშზე.
რიო: რას იტყვი დემბელზე, მასზე ბევრი საუბრობს, ოქროს ბურთის კანდიდატია.
ხვიჩა: დემბელე საოცარი ბიჭია, ბურთით შესანიშნავია, ორივე ფეხით ბრწყინვალეა. ძალიან სწრაფია და ძალიან, ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. შესანიშნავი იუმორის გრძნიბა აქვს.
ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეზეც ისაუბრა: „ენრიკეს ჩემი ტრანსფერი სურდა. მითხრა, რომ სტარტი მარტივი არ იქნებოდა. ამიხსნა, რომ ძალიან კარგი შემტევები გვყავს, მაგრამ ასევე მინდა, რომ ისინი დაცვაშიც კარგები იყვნენ. შემდეგ მივხვდი რაც სურდა მას. როცა ასეთ გუნდში მოდიხარ, სადაც მსგავსი შემტევები გხვდებიან, რთულია ისინი რაიმეთი გააკვირვო. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ფიზიკურად კარგად უნდა მოვმზადებულიყავი, კონცენტრირებული ვყოფილიყავი და მცველებისთვის დახმარება გამეწია. ვფიქრობ, ენრიკეს მხრიდან ჩემთან საუბრის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო - მე დაცვაშიც ისეთივე კარგი უნდა ვყოფილიყავი, როგორიც შეტევაში. ჩვენი მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ პოზიციებს ხშირად ვიცვლით და მეტოქემ არასდროს იცის, რას უნდა ელოდოს“.