Footmercato: სენტ-ეტიენის პოზიცია ცნობილია - დავითაშვილი არ იყიდება
ლიგა 1-დან გავარდნის მიუხედავად „სენტ-ეტიენი“ გუნდის ლიდერების, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Footmercato იტყობინება.
გამოცემის ცნობით, მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ სტასენისა და დავითაშვილის მიმართ ინტერესი გაიზარდა. Transfermarkt-ი 24 წლის ქართველს 10 მილიონ ევროდ, ხოლო 20 წლის ბელგიელს - 7 მილიონ ევროდ აფასებს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბის კანადურმა მფლობელმა კომპანია Kilmer Sports-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სეზონში „სენტ-ეტიენი“ სტასენსა და დავითაშვილს შეინარჩუნებს. გარდა ამისა, გუნდთან ერთად მუშაობას გააგრძელებს მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანდი, რომელმაც „მწვანეები“ იანვარში ოლივიე დალ’ოლიოსგან გადაიბარა.
„რთული წარმოსადგენია, რომ სენტ-ეტიენი ორ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შეინარჩუნებს, მაგრამ სწორედ ასეთია ხელმძღვანელობის სურვილი. კანადელი ინვესტორები მიიჩნევენ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით გუნდის ლიდერების გაშვება არასწორი იქნებოდა. შესაბამისად, როგორც დავითაშვილის, ისე სტასენის ტრანსფერებს ვეტო დაედო. ვნახოთ, როგორი იქნება მათი მსურველი კლუბების შემდეგი ნაბიჯები“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ზურიკომ გასული სეზონი 17 საგოლე მოქმედებით დაასრულა - მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა იყო.
ბოლო დღეებში ფრანგული მედია წერდა დავითაშვილის მიმართ „სტრასბურგის“ ინტერესის შესახებ, თურქულ მედიაში კი დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით „ტრაბზონსპორი“ დაინტერესდა.