„ეს განსაკუთრებული გრძნობაა“ - კიტეიშვილი ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე
გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა ბოლო ტურის მატჩის წინ ავსტრიის ჩემპიონატში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „შტურმი“ სატურნირო ცხრილს 39 ქულით ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილებზე 36-36 ქულით ვენის „აუსტრია“ და „ვოლფსბერგერი“ არიან. ბოლო ტურში კიტეიშვილის გუნდი სწორედ „ვოლფსბერგერს“ მიიღებს და მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც კი ავსტრიის ჩემპიონი გახდება.
ოთარ კიტეიშვილი:
„ზოგი ფეხბურთელი კარიერას ისე ასრულებს, რომ არ შეიგრძნობს იმას, თუ რას ნიშნავს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ტიტულებისთვის ბრძოლა სრულიად განსხვავებული გრძნობაა.
გვაქვს შესაძლებლობა, კონკურენციაში შევიდეთ საუკეთესოებთან და ეს ყველაზე განსაკუთრებული გრძნობაა, რომელიც ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს. ეს არის ის, რის გამოც თავის დროზე ჩვენ გვინდოდა ფეხბურთელობა, რაზეც ვოცნებობდით ბავშვობაში. ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ტიტულის მოსაგებად“.
ცნობისთვის, კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. მიმდინარე სეზონში მან „შტურმის“ მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ „შტურმი“-„ვოლფსბერგერის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.