არასრულწლოვნის მონაწილეობით ვიდეოს გავრცელება - ასენსიოს საქმე სასამართლოს გადაეცა
მადრიდის „რეალის“ მცველი რაულ ასენსიო სექტემბერში სასამართლოს წინაშე წარდგება. The Athletic-ის ცნობით, საუბარია არასრულწლოვნის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელების საქმეზე, რომელშიც ასენსიოსთან ერთად „რეალის“ მეორე გუნდის 3 ფეხბურთელი ფიგურირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაზარალებულმა ასენსიოს წინააღმდეგ საჩივრები უკან გაიტანეს, „რეალის“ მცველს ბრალდება ორი მუხლით აქვს წარდგენილი - თანხმობის გარეშე ვიდეოს გავრცელება და არასრულწლოვნის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელება.
საქმის დანარჩენ ფიგურანტებს - ფერან რუისს, ხუან როდრიგესსა და ანდრეს გარსიას გამოძიება ორი პირის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის ვიდეოს გადაღებას და გავრცელებას ედავება.
რამდენიმე დღის წინ წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადავიდა. სხდომები 3, 4 და 7 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ინციდენტი, რომელზეც გამოძიება საუბრობს, 2023 წლის ივნისში კანარის კუნძულებზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის კერძო სივრცეში მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ასენსიო ამ ინციდენტში არ მონაწილეობდა, თუმცა საქმის დანარჩენ ფიგურანტებს ვიდეოს გაზიარება სთხოვა და თავადაც ეს ჩანაწერი შემდეგში მეგობარს აჩვენა. ორივე ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.
რაულ ასენსიო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ ინციდენტში, რომელიც ქალის, მათ შორის არასრულწლოვნის სექსუალურ თავისუფლებას დაარღვევდა“. პროკურატურა „რეალის“ მცველისთვის 2,5-წლიან პატიმრობას ითხოვს.