„გარიგება დახურულია“ | რუდი გალეტი ქოჩორაშვილზე წერს
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, რუდი გალეტიმ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. გალეტის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „ხეტაფემ“ გაიმარჯვა.
„„ხეტაფემ“ „სპორტინგთან“ გიორგი ქოჩორაშვილის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე გადავა. გარიგება დახურულია“, — დაწერა გალეტიმ.
ქოჩორაშვილის შესახებ ბოლო საათებში უცხოურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა. A Bola-ს მიხედვით, მისით „სევილიაც“ დაინტერესდა და „ხეტაფესთან“ შეთანხმების მიღწევა სწორედ ამის გამო გაჭიანურდა. „სევილია“ „სპორტინგთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ხეტაფემ“ კონკურენტს აჯობა.
ცნობისთვის, „ხეტაფემ“ ლა ლიგის გასული სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასია და მათთვის სეზონი 15 აგვისტოს, „ალავესთან“ მატჩით იხსნება.