„ტრავმირებულია და ხვალ ვერ ითამაშებს“ - შტურმის მწვრთნელი კიტეიშვილზე
1 აგვისტოს ავსტრიის ბუნდესლიგის ახალ სეზონს დაიწყებს გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი იცავენ.
გრაცელებმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ორი მატჩის ჯამში შოტლანდიური „ჰართსი“ 6:0 დაამარცხეს, თუმცა კიტეიშვილს მეორე მატჩში, ისევე როგორც სათასო შეხვედრაში „ზეეკირხენთან“ არ უთამაშია.
ბუნდესლიგის პირველ ტურში გრაცელების მეტოქე „ტიროლი“ იქნება და როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა განაცხადა, 30 წლის კიტეიშვილი ამ შეხვედრასაც წვივის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.
„ოთარი ამ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. მის პროგრესს ყოველდღიურად ვაფასებთ, რათა გავიგოთ, როდის შეძლებს ის თამაშს“, - აღნიშნა „შტურმის“ მწვრთნელმა.
აღსანიშნავია, რომ 5 აგვისტოს „შტურმს“ ჩემპიონთა ლიგაზე სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ გასვლითი მატჩი ელოდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა კიტეიშვილი ამ შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას.