გოლდენ სტეიტის ზედიზედ მესამე წაგება | მინესოტა კონფერენციის ფინალთან ახლოსაა
„გოლდენ სტეიტ უორიორსს“ სტეფ კარის გარეშე სერიოზული პრობლემები აქვს. 37 წლის გამთამაშებელს ბარძაყის უკანა კუნთი აწუხებს, გუნდს ვერ ეხმარება და მის გარეშე „უორიორსმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ კიდევ ერთი შეხვედრა წააგო.
„გოლდენ სტეიტისა“ და „მინესოტას“ სერიის მეოთხე მატჩი „უორიორსის“ საშინაო არენაზე გაიმართა. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმი მოიგეს, თუმცა მესამე მეოთხედი 17:39 წააგეს და თამაშში ვეღარ დაბრუნდნენ - 110:117.
„მინესოტას“ რიგებში საუკეთესო ჯულიუს რენდლი იყო - 31 ქულა, 6 მოხსნა. ენტონი ედვარდსმა 30 ქულა დააგროვა, ჯეიდენ მაკდანიელსმა - 10 ქულა, 13 მოხსნა. „გოლდენ სტეიტის“ მხრიდან 23 ქულით ჯონათან კუმინგა გამოირჩა. ჯიმი ბატლერს და დრეიმონდ გრინს 14-14 ქულა ჰქონდათ.
ცნობისთვის, „მინესოტა“ სერიას 3:1-ს იგებს და კონფერენციის ფინალთან ერთ ნაბიჯშია. „ტიმბერვულვზი“ მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, საკუთარ კედლებში გამართავს.