„მადლობა ღმერთს“ | ფერმინ ლოპესის ეპიზოდი და ფრაზა VAR-ის ოთახში
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში, საფეხბურთო სამყარომ „ელ კლასიკო“ იხილა. „ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა, 7 გოლი გავიდა და „ბლაუგრანას“ გამარჯვებით დასრულდა - 4:3.
ჰანსი ფლიკის გუნდს შეეძლო, უფრო დიდი ანგარიშით მოეგო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე, ფერმინ ლოპესის მიერ გატანილი გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. შეხვედრის მთავარ არბიტრს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს ვიდეორეფერის ოთახიდან უკარნახეს, მომენტი გადაემოწმებინა და საბოლოოდ, „ბარსელონას“ მეხუთე გოლი არ ჩაითვალა, მაგრამ ეპიზოდს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.
შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ ვიდეორეფერის ოთახში მყოფი არბიტრებისა და მთავარი მსაჯის საუბარი გაავრცელა, რამაც „ბარსას“ ფანების განრისხება გამოიწვია. ერთ მომენტში, უცნობი ხმა, რომელიც კატალონიური პრესის მიხედვით, VAR-ის ერთ-ერთი ასისტენტია, ამბობს: „ხელი მაღლა აქვს აწეული. მადლობა ღმერთს. დიახ, დიახ, აბსოლუტურად“.
????️ AUDIO REVISIÓN VAR
— RFEF (@rfef) May 11, 2025
????️ Jornada 35 | Primera División
⚽️ @FCBarcelona_es ???? @realmadrid | 96'#ArbitrajeRFEF | @CTARFEF pic.twitter.com/5SQztI5Apn
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა მსაჯები „რეალისადმი“ მიკერძოებაში დაადანაშაულეს. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მსგავსი რამ კატეგორიულად მიუღებელია და ცვლილებები აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ „რეალთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „ბარსელონამ“ ლა ლიგის ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და „ბლაუგრანას“ 7-ქულიანი ფორა აქვს. კატალონიელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება მომდევნო ტურში, „ესპანიოლთან“ შეეძლებათ.