ბელინგემს ოპერაცია სჭირდება - რეალი დილემის წინაშეა
ჯუდ ბელინგემმა შესაძლოა მომდევნო სეზონის სტარტი გამოტოვოს - ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა. „რეალის“ 21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში დაშავდა და სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მაშინვე უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. თუმცა, იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ სურდა, ბელინგემმა ოპერაციის გაკეთება გადადო და უკვე წელიწადნახევარია ტკივილგამაყუჩებლებით ასპარეზობს.
ახლა „ბლანკოსის“ ხელმძღვანელები დილემის წინაშე არიან - იმ შემთხვევაში თუ ბელინგემი ლა ლიგის დასრულებისთანავე გაიკეთებს ოპერაციას, მაშინ მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. თუმცა, არის მეორე ვარიანტი - თუ მადრიდელები ინგლისელ ნახევარმცველს ივნისში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც დატვირთავენ და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ მისცემენ მხრის ტრავმაზე მკურნალობის საშუალებას, მაშინ სამეფო კლუბის მეხუთე ნომერი მოედანს სექტემბრის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ჯუდ ბელინგემის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 3 ბურთითა და 2 ასისტით გამოიჩინა.