იეგოიანი გუნდის წლის MVP გახდა - ვიტესმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა
ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის, ერსტედივიზიონის გათამაშება „ვიტესმა“ გამარჯვებით დაასრულა. არნემის გუნდმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც წლევანდელ სეზონში ირაკლი იეგოიანი გახლდათ, 38-ე ტურში საკუთარ სტადიონზე „დენ ბოსხი“ 3:1 დაამარცხა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე კი, ქართველი ფეხბურთელი „ვიტესის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
იეგოიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა 89-ე წუთამდე ათამაშა. ეგოიანი ტრადიციულად აქტიურობდა და პირველ ტაიმში საგოლე მომენტიც შეექმნა, თუმცა მეტოქე გუნდის მცველის კარგად ჩამოცილების შემდეგ, არაზუსტად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. ათბალიანი სისტემით მან 6,9 მეათედი შეფასება მიიღო, პასები 90-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, დრიბლინგის 5 მცდელობიდან 3 წარმატებული აღმოჩნდა და ერთი გამამწვავებელი გადაცემაც შეასრულა.
რაც შეეხება მთლიანად წლევანდელ სეზონში მის სტატისტიკას, „ვიტესის“ რიგებში ჩატარებულ 37 მატჩში იეგოიანმა თავი 9 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა, დუბლი ერთხელ შეასრულა, ხუთჯერ კი ერსტე დივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
არნემელებმა 38 ტურიდან 11 მატჩი მოიგეს, 11 ფრედ დაასრულეს და 16-ში დამარცხდნენ, ბურთების შეფარდება 54-73-ზეა. წესით და რიგით „ვიტესს“ 44 ქულა უნდა ჰქონოდა, თუმცა ფინანსური დარღვევების მიზეზით დაწესებული სანქციების გამო, ქულათა გრაფაში მხოლოდ 5 უწერია და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა.