შერეული ორთაბრძოლები
Aa
Aa

3-წლიანი ხელშეკრულება - საქართველო MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - საქართველო შერეული ორთაბრძოლების მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, თბილისი პლანეტის პირველობის მასპინძელი არამხოლოდ წელს, არამედ 2026 და 2027 წლებშიც იქნება.

წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება, თუმცა ვარაუდის დონეზე 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდი მოიაზრება. ტურნირი როგორც იუნიორებში, ასევე უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის გაიმართება. უკვე გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა მსუბუქ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი რამაზან მალაკოევი და ასევე აქტიურ სპორტში დაბრუნებული კობა ჭუმბურიძე და ბექა შაინიძე.

როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კერიტ ბრაუნმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს, მათზე დიდი გავლენა მოახდინა ახლახანს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ნაჩვენებმა უმაღლესი დონის შედეგებმა, სადაც მათ რვა მედალი, აქედან ორი უმაღლესი სინჯის მოიპოვეს.

ცნობისათვის, ბრაუნი და მისი თანაშემწეები რამდენიმე თვის წინ თბილისში იმყოფებოდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოს დედაქალაქში ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და სპორტის მინისტრთან შალვა გოგოლაძესთან გამართეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „საქართველოს სამი ჩემპიონი ეყოლება“
ილია თოფურია: „საქართველოს სამი ჩემპიონი ეყოლება“