ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისნაირი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალი ნაწილებად დაშალა. ქართველი გენიოსის მსგავსი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Daily Mail-ი. ბრიტანული გამოცემა „კვარას“ ასპარეზობას ეხმაურება და ქართველი გარემარბის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

„იაქტიურეთ ბურთთან ყველა შეხებისას - უთხრა არტეტამ არსენალის გულშემატკივრებს მატჩის წინ. მეთოფეებს უფრო დაეხმარებოდათ, ლონდონელთა ქომაგებს ხვიჩა კვარაცხელიას შეხებებისას ეაქტიურათ. ნახევარფინალის პირველი შეხვედრისას, და სავარაუდოდ ორმატჩიან დუელშიც ასე იქნება, პსჟ-ის ფლანგზე მოასპარეზე მებრძოლის წინააღმდეგ თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო.

მატჩის წინ, არტეტამ გულშემატკივრებს მოუწოდა, სტადიონზე ბუცებით მისულიყვნენ, მაგრამ რომელიმე მათგანი მოედანზე რომც შესულიყო და არსენალს, კვარაცხელიას შეჩერებაში დახმარებოდა, ხვიჩა მაინც იპოვიდა გზას, რათა მეტოქეებისთვის ხელ-ფეხი შეეკრა. 24 წლის ქართველი რაღაც მხრივ ჯეკ გრილიშს წააგავს. ჩამოწეული საფეხბურთო წინდები, ძლიერი ფიზიკური კონდიციები და წვივის უკანა კუნთები, რომლებიც კაშკაშებენ... თუმცა, მსგავსებები აქ მთავრდება.

მეოთხე წუთზე, როდესაც კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო, ცენტრალური ზონა არ დაუზვერავს. საჯარიმოში შეიჭრა და კონკრეტული მიზანი ჰქონდა. თანაც, სიარულით არ წასულა, გაიქცა. არსენალს შეეშინდა... კვარაცხელიას აქცენტი ბურთის შენარჩუნებაზე არ გაუკეთებია, გარისკა და ჯილდოდ პსჟ-მ უსმან დემბელეს გოლი მიიღო. პარიზელთა დაწინაურება შეუბრალებელ კონტრშეტევას მოჰყვა, მაგრამ კვარაცხელია იყო ფეხბურთელი, რომელმაც არსენალის დაცვა გაჭრა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ბუკაიო საკა გააქტიურდა და მომენტებიც ჰქონდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არსენალის გარემარბს ჯანლუიჯი დონარუმას კარის გასაღების პოვნა შეეძლო, მაგრამ ამ დროს, კვარაცხელიამ ხმალი ფარზე გაცვალა. ამბობენ, რომ ხვიჩა ძველი დროის გარემარბებს წააგავს, მაგრამ ეს უსამართლო შედარებაა. ჯორჯ ბესტი ან კრის უადლი საკას დაგეშილი ნაგაზივით არ გაეკიდებოდნენ, როგორც ეს კვარაცხელიამ გააკეთა. მისი წყალობით, პსჟ-მ უპირატესობა შეინარჩუნა და საპასუხო მატჩის წინ, მშვენიერ მდგომარეობაშია.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო გარემარბი იყო. მარტო ეს სტატუსი არ ჰქონია, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ ვარდნების, მეტოქეების დევნისა და საკუთარი ფლანგელის გაღიზიანების გამო. ტიმბერს ეს არ გამოუვიდა. დაივიწყეთ ძველი ყაიდის ფეხბურთელები. ხვიჩასნაირი მოთამაშე არასდროს გვინახავს“, - წერს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 1:0 იმარჯვა და შეხვედრის ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ, „კვარას“ პასით გაიტანა. საპასუხო მატჩი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა
„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა