ზაფხულში გადაწყდება - ტუდორს დრო აქვს
იგორ ტუდორმა „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პირველი მარცხი გუშინ, სტუმრად „პარმასთან“ (0:1) განიცადა, რის გამოც იტალიურ სპორტულ მედიაში მაშინვე დაიწყეს ინფორმაციების გავრცელება იმის თაობაზე, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე ხორვატი სპეციალისტი „ბებერი სინიორას“ დამრიგებლის პოზიციას დატოვებს და მის შემცვლელად გაცილებით უფრო სახელოვან სპეციალისტს მიიწვევენ.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ბიანკონერის დირექტორს კრისტიან ჯუნტოლის მოუწია, რომელმაც აღნიშნა, რომ ტუდორს „იუვეში“ საკუთარი იდეების გასატარებლად და სრულფასოვანი მუშაობისთვის ამ სეზონის ბოლომდე დრო აუცილებლად მიეცემა. გარდა ამისა, ჯუნტოლიმ აღნიშნა, რომ სწორედ ხორვატი იქნება ტურინული გრანდის დამრიგებელი ივნისში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც პიემონტელების მეტოქეები „მანჩესტერ სიტი“, მაროკოს „უიდადი“ და არაბთა გაერთიანებული საამიროების „ალ-აინი“ იქნება.
ცნობისათვის, 33 ტურში დაგროვებული 59 ქულით „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ბოლონიას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.