ხვიჩას მომდევნო მეტოქე - სენ-ჟერმენს არსენალისთვის არასოდეს მოუგია
„არსენალმა“ ორი მატჩის ჯამში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 16-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საუკეთესო ოთხეულში „მეთოფეები“ უკანასკნელად 2008-2009 წლებში მოხვდნენ, როდესაც ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:4 დამარცხდნენ. „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული პაექრობა „წითელმა ეშმაკებმა“ ჯონ ო’შის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. „ემირეითსზე“ კი დედაქალაქელები პარკ ჯი-სუნგის ერთი ბურთითა და კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 3:1 დაამარცხეს, „კანონირთა“ შორის პრესტიჟის გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან რობინ ვან პერსიმ მიითვალა.
რაც შეეხება პსჟ-ის და „არსენალს“ შორის გამართულ ურთიერთშეხვედრების ისტორიას, 4 მატჩს ითვლის და უნდა აღინიშნოს, რომ პარიზელებს „მეთოფეები“ აქამდე არასოდეს დაუმარცხებიათ - 2 ფრე და 2 წაგება. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ჯგუფური ფაზის დროსაც შეხვდნენ და მიკელ არტეტას შეგირდებმა ლონდონში 2024 წლის 1 ოქტომბერს, იმ დროისთვის ძალიან არადამაჯერებლად მოთამაშე „სენ-ჟერმენი“ მარტივად, კაი ჰავერცისა და ბუკაიო საკას ბურთებით 2:0 დაამარცხეს.
ამ გუნდების გზები 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დროსაც გადაიკვეთა და როგორც ინგლისის, ასევე საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებში გუნდებმა ქულები გაიყვეს. 13 სექტემბერს, „პარკ დე პრენსზე“ პირველივე წუთზე ედინსონ კავანის გოლით დაწინაურებულმა პარიზელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 77-ე წუთზე ალექსის სანჩესმა გაათანაბრა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. 23 ნოემბერს „ემირეითსზე“ ჩატარებულ მატჩში კი ქომაგებმა ერთბაშად ორი ავტოგოლი (მარკო ვერატი, ალექს აივობი) იხილეს, თითო ბურთი იმავე კავანიმ და ოლივიე ჟირუმ მიითვალეს და უფრო შედეგიანი ფრე, 2:2 დაფიქსირდა.
იყო ამხანაგური შეხვედრა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წლის 28 ივლისს, როდესაც „არსენალმა“ 5:1 გაიმარჯვა. მაშინ დუბლი ალექსანდრ ლაკაზეტმა შეასრულა, თითოჯერ თავი მესუთ იოზილმა, რობ ჰოლდინგმა, ედვარდ ნკეტიამ გამოიჩინეს, ხოლო პსჟ-ის მხრიდან პენალტის ნიშნულიდან კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანა.
ცნობისათვის, „არსენალი“ - პსჟ-ის ნახევარფინალის პირველი მატჩი 29 აპრილს, „ემირეითსზე“, საპასუხო თამაში კი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე“ შედგება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.