ლუკაკუზე ცუდს ვერ მათქმევინებთ - კონტე მიზეზს ვერ პოულობს
ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ მატჩები ფეხბურთის ქართველ ქომაგებში ბუნებრივია ძველებურ ინტერესს აღარ იწვევს. თუმცა, ისევე როგორც თავად კვარას, ასევე მის გულშემატკივრებს სურთ, რომ პარტენოპეიმ სკუდეტო მოიგოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით, ხვიჩა ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება, რაც ბუნებრივია უდიდესი მიღწევა იქნება.
ამ მხრივ „კომოსთან“ (1:2) მატჩი ნეაპოლური კლუბისთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. გარდა იმისა, რომ „ნაპოლიმ“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და მის დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ „ინტერს“ ფეხი დაუცდება. რამ გამოიწვია საშუალო დონის მოწინააღმდეგესთან სენსაციური მარცხი, ამასთან დაკავშირებით კლუბის მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.
ანტონიო კონტე
წარუმატებლობაში დამნაშავედ პირველ რიგში საკუთარ თავს ვთვლი. მთავარი მწვრთნელის მოვალეობაში არამხოლოდ ფეხბურთელების ტექნიკურ-ტაქტიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად მომზადებაც შედის, რაც როგორც გამოჩნდა, ვერ შევძელი.
შესვენებამდე ჩემი გუნდის ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი ვიყავი. აი, რა დაგვემართა მეორე ტაიმში და რატომ გავუშვით სადავეები ხელიდან, ახლაც ვერ ამიხსნია. ალბათ, სერია A-ს ლიდერს სულ სხვანაირი მენტალური მდგრადობა სჭირდება და ეს თვისებები უნდა გამოგვიმუშავდეს.
რომელუ ლუკაკუსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს განგებ არ ვუპასუხებ. ჩვენ ყველა საერთო საქმეს ვაკეთებთ - ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯაროდ არც ერთ შეგირდს არ გავაკრიტიკებ და მათი დამცირების უფლებას არც თქვენ, მედიის წარმომადგენლებს არ მოგცემთ.
ხშირად ისმის კითხვები იმის თაობაზე, მიიღებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელიაც ოქროს მედალს წელს „ნაპოლის“ გაჩემპიონების შემთხვევაში - როგორც ირკვევა ეს კლუბის ხელმძღვანელების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მედლებს ისეთ მოთამაშეებსაც კი აძლევენ, რომელთაც ოცდათვრამეტიდან ერთ მატჩში თუნდაც 5 წუთი მაინც აქვთ მოედანზე გატარებული, წესით, ოქროს მედალი 5 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორ კვარასთვის აუცილებლად უნდა გამოინახოს.
ცნობისათვის, ოცდაექვს ტურში დაგროვებული 56 ქულით „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში შესაძლოა მთლიანად სეზონის გადამწყვეტი მატჩიც შედგეს - „სტადიო დიეგო მარადონაზე“ პარტენოპეიმ ნერიაძურის უნდა უმასპინძლოს.