კვერნაძეს კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა - ფროზინონეს 3 ქულა კარარეზესთან
იტალიის სერია ბ-ს 36-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „კარარეზე“ დაამარცხა. ანგარიში 54-ე წუთზე პენალტით ჯაკომო კალომ გახსნა, 72-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ანტონიო ფიორიმ „ფროზინონეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ფროზინონემ“ კიდევ ერთი პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ბენ კონემ გამოიყენა - 3:0.
ქართველი შემტევი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა მე-40 წუთზე შეეძლო, როცა მისი დარტყმა „კარარეზეს“ მეკარემ კუთხურზე მოიგერია. გიორგი 70-ე წუთზე შეცვალეს.
Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.2 ქულით შეაფასა, კვერნაძის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 დარტყმა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 36 შეხება ბურთთან, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 19-დან 17 ზუსტი პასი (89%), 1 ზუსტი გრძელი პასი, 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა და 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
„ფროზინონე“ 75 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 1 მაისს, სტუმრად, „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ გამართავს.