პსჟ-ის ტიტულები კატარელების მისვლის შემდეგ - კონკურენტებთან სხვაობა კოლოსალურია
გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებულ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ 2:0 დაამარცხა და ქვეყნის რიგით მე-14 ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საჩემპიონო მატჩში გადამწყვეტი ბურთი, რომელმაც სტუმრებს სათამაშოსთან ერთად, ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოუტანა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ფრანგულმა პრესამ კი მატჩის დამთავრების შემდეგ ყურადღება საინტერესო სტატისტიკურ დეტალებზე გაამახვილა.
2011-2012 წლების სეზონიდან, ანუ მას შემდეგ რაც დედაქალაქის კლუბი ნასერ ალ-ხელაიფმა შეიძინა, „პარი სენ-ჟერმენმა“ 41 ტიტული მოიგო, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი საფრანგეთის სხვა გუნდების აქტივში ჯამში სულ 14 ჯილდოა. რაც შეეხება ლუის ენრიკეს, რომლის ხელმძღვანელობითაც „სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა, ასტურიელმა სპეციალისტმა პარიზში მუშაობის პერიოდში მე-11, სამწვრთნელო კარიერაში კი მე-20 ტიტული მოიგო. „პსჟ“-ში ლუჩომ სამი ჩემპიონობის გარდა, ასევე სამჯერ საფრანგეთის სუპერთასის, ორჯერ საფრანგეთის თასის, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის ოქროს მედლები მოიპოვა.
ცნობისათვის, ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ დედაქალაქის დერბის სტუმრად „პარიზთან“ გამართავს და საჩემპიონო ზეიმი და თასის გადაცემაც სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.